„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.
გოლეთიანის თქმით, ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს პარასკევამდე ელოდებიან.
„მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება პრემიერთან ამ საკითხის განხილვა და პარასკევს არ გადასცილდება პასუხი. ჩვენ დაველოდებით პარასკევ დღეს, თუმცა, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ დრო არ მუშაობს მათზე და ხელოვნურად ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას.
თუ პირობები არ შესრულდა, ბუნებრივია, გავაგრძელებთ პროტესტს. ფართო მასშტაბიანი აქციების გზით წავალთ. კიდევ უფრო დაიძაბება პროცესი იმიტომ რომ, შეგნებულად გაწელა მთელი ეს კვირა ხელისუფლებამ, იმისთვის რომ არ გვითხრა პასუხი.
თუ კოვიდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ვერ შევძლოთ პროტესტის სრულფასოვნად წამართვა, ეს პირიქით აწევს საპროტესტო მუხტს“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
გასულ კვირას, შსს-მ სოფელი ნამოხვანისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა.
11 აპრილს სამართალდამცველებმა რიონის ხეობაში აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და პროტესტის მონაწილეებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე შესვლის უფლებას აღარ აძლევენ.
ამავე თემაზე:
🔴 „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა, „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს