მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სხვის შეცდომებზე ვსწავლობთ“ - თურნავა საზღვრების გახსნაზე

მინისტრის მადლობა სახმელეთო საზღვრის თანამშრომლებს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილება უკუჩვენებებს გამოიწვევს. შესაძლოა 2-3 კვირის შემდეგ გარკვეული დარგების დახურვის საჭიროება დადგეს, ამას კი, საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორის პროტესტს, მინისტრი ამბობს, ამისთვის დემონსტრაცია საჭირო არ არის, რადგან ეკონომიკის სამინისტროს კარი მათთვის ღიაა.

„ყველა კარგად ვხედავთ, რომ ტურისტული ინდუსტრია დაზარალდა და ყველა ჩვენს პროგრამაში დევს ტურიზმის დახმარება. ვფიქრობთ, კიდევ როგორ დავეხმაროთ შემდგომში, იმიტომ, რომ ეს პრობლემა ერთი დღით არ შემოიფარგლება. არ არის საჭირო დემონსტრაციების გზით მოითხოვო რომელიმე ჩემს კოლეგასთან ან პრემიერთან შეხვედრა, რადგან ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. რამდენიმე დღის წინ შედგა წარმომადგენლობითი შეხვედრა, ჩემი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მონაწილეობით განთავსების და ტურიზმის დარგთან. ბევრი სასტუმრო მონაწილეობდა, ასევე ტუროპერატორები, სხვადასხვა ასოციაცია და იქ ძალიან საქმიან, მშვიდ ვითარებაში განვიხილეთ ყველა საკითხი - გადაწყვეტილება, რისკი და სიკეთე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებით მოვიდეს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ერთმანეთთან საზღვრები გახსნა, 1 თვის შემდეგ კი, ნაბიჯები უკან გადადგეს. საქართველო მათ შეცდომებზე სწავლობს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა დავხარბდეთ ერთჯერად და სწრაფ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ ყველასთან საზღვრები, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობას იძლევა ისიც, რომ ჩვენ 15 ქვეყანაში ვართ მოხვედრილები. შეიძლება ისე მოხდეს, რომ 2-3 კვირის შემდეგ მოგვიწიოს მასშტაბური საპირისპირო გადაწყვეტილებების მიღება და გარკვეული დარგების ისევ დახურვა, რასაც ჩვენი ეკონომიკა ვერ გადაიტანს. ამას ტურისტული ინდუსტრია ძალიან საღად აფასებს, ხედავს, არ უნდათ, რომ გაუფრთხილებელი გადაწყვეტილების გამო ისევ რისკში შევიდეთ“,- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბიზნეს ვიზიტორებისთვის საქართველოს ბაზრის გახსნა, რომლებიც ტურისტულ მოგზაურობას ხელიდან არ გაუშვებენ.

„ბიზნეს ვიზიტორებისთვის ბაზარი გავხსენით, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდიან ისინი. კორონავირუსზე ტესტირების გზით შეძლებენ, საქართველოს ესტუმრონ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ორი რამ უნდა დაბალანსდეს - გაიხსნას ტურიზმი და საიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება შენარჩუნდეს.

„ევროპულმა ქვეყნებმა, ვინც ერთმანეთთან გახსნეს საზღვრები და მას შემდეგ 1 თვე გავიდა, უკუ ნაბიჯები გადადგეს. ამ გახსნას მოჰყვა სწრაფი ეფექტი, მაგრამ ასეთივე სწრაფი ნეგატიური შედეგიც და პრობლემები. ჩვენ ამიტომაც ვაკვირდებით, რომ სხვისი შეცდომები არ გავიმეოროთ და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. ქვეყნებთან საზღვრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნითაა ჩაკეტილი.