მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

სოციალურად დაუცველი სტუდენტების რეგისტრაცია

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი დღეიდან ამოქმედდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

არსებული ინფორმაციით, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.

სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:

  • საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს
  • სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს
  • საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს

დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრამდე.