მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის სკანირების პროცესი დაიწყო

23 წლის გარდაცვლილი გოგო

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პერსონალური კომპიუტერის სკანირების პროცესი დაიწყო.

გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის თქმით, პროცედურა შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს.

იმავე დღეს ბაჩალიაშვილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ის აღნიშნულ საქმეში ყველაფრის არსებობას უშვებს, თუმცა, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მასაც აეჭვებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი 23 ივლისს გახდა ცნობილი. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამერიკის ფედერალური ბიუროს თანდასწრებით გაიხსნას.

თამარ ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.