მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: მოვითხოვ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას კომპიუტერი

თამარ ბაჩალიაშვილის მამა

„ჩემი მოთხოვნაა კომპიუტერი გახსნას ამერიკის ფედერალურმა ბიურომ და ჩვენი ადვოკატი აუცილებლად დაესწროს“, - ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდაცვლილი გოგოს მამის თქმით, ასევე მისი მოთხოვნაა, მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აწარმოოს, რადგან მიზეზი გამომძიებლის მიმართ უნდობლობაა.

„ჩემი მოთხოვნაა საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს. შიდა ქართლის სამმართველოსთან ეს პიროვნება მეუბნება აგერ საქმეზე ვმუშაობ და შენი გოგო რა დიდი პრობლემის წინაშე დგასო. ამის შემდეგ ვურეკავ და არ მპასუხობს. გუშინ გამოვიდა და უარყო ყველაფერი, ზუსტად ამიტომაც მოვითხოვ, რომ ამერიკის ფედერალური ბიურო ჩაერთოს კომპიუტერის გახსნაში“, - აღნიშნა ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს. ბაჩალიაშვილის მამის მტკიცებით, მას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ ლადო ბაჭულაშვილმა უთხრა, რომ მისი შვილი „შარშია“. აღნიშნული განცხადება უარყო პოლიციელმა. ბაჭულაშვილის თქმით, მას მსგავსი არაფერი უთქვამს.