მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის ეროვნულ პარკში 300 კმ-მდე სიგრძის სალაშქრო ბილიკები მოეწყობა

თბილისის ეროვნული პარკი

გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რეინჯერებს შეხვდა და მათ განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

„თბილისის ეროვნული პარკი 20 ათას ჰექტარზე მეტი, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიაა. სწორედ ეს ბიომრავალფეროვნება სძენს პარკს უნიკალურობას, მის დაცვას კი, 40-მდე რეინჯერი უზრუნველყოფს. თბილისის ეროვნული პარკი, ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2018-2019 წლებში, მე-4 ადგილზე იყო. ეროვნული პარკი თბილისის მოსახლეობის საყვარელი ადგილი. ახლა იწყება ზაფხულის სეზონი და ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებასთან სწორი ურთიერთობა. ჩვენ უნდა ვეწვიოთ ბუნების ულამაზეს ძეგლებს, უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალური ქვეყანა და, ამავდროულად, უნდა გავუფრთხილდეთ მას - ცეცხლი დავანთოთ ისეთ ადგილას, სადაც რეინჯერები მიგვითითებენ, არ დავტოვოთ ნარჩენები. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თბილისის ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, პარკის განვითარების პროექტს ახორციელებს. ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ვიზიტორთა კოტეჯები, სალაშქრო ბილიკები, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელი ზონა და სხვა. დაგეგმილია 300 კმ-მდე მარტივი და საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკების მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით.

თბილისი ეროვნულ პარკში კერძო ინვესტიციის განხორციელებაც იგეგმება. „საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტის“ (ppp) ფარგლებში ინვესტორი „საბადური ვილაჯე” თბილისის ეროვნული პარკის საბადურის ტყის მონაკვეთის განვითარებაში, დაახლოებით, 4 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.