მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

თბილისის მერიის ფასადი

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება.

 

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი.

„გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. შესაბამისად, რიგი მედიასაშუალებების მიერ, მისი დაკავშირება მეტროს რამდენიმე მემანქანის ინფიცირების ფაქტთან, დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთანაც მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. თბილისის მეტრო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამართულად იმუშავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება.

რაც შეეხება 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს, აღნიშნული პერიოდიდან თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და კუს ტბის საბაგირო მუშაობას შეაჩერებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შემსუბუქდება, რომლის დროსაც თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ. 3 იანვრიდან 16 იანვრამდე, ორივე სახის ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება კვლავ შეჩერდება. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კი, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები შაბათ-კვირის გამოკლებით, მუშაობას განაახლებენ“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ვაშაძე: ამ ეტაპზე დიდი შეკრებები შევაჩერეთ

👉 21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იზღუდება