მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერია ფოტოგრაფებს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დაეხმარება 

კალაძე მერიის სხდომაზე

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე ფოტოგრაფებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიმართვის შემთხვევაში მერია მათ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დაეხმარება.

გარდა ამისა, თბილისის მერი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მერია სხვადასხვა კონცერტს და კულტურულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს. კახა კალაძე ამბობს, რომ ეს სიცრუეა.

მისი თქმით, ამ ღონისძიებებს ჰყავს ორგანიზატორები, ხოლო მერია მხოლოდ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

„თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ის არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რომლისკენაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ თითქოს მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეეფერება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, კულტურის სფეროს მხარდაჭერა გაგრძელდება და ამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლები. ამას გავაგრძელებთ, ადამიანებს პრობლემის პირისპირ არასდროს არ დავტოვებთ, ყველანაირად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ. ამისთვის დაახლოებით სამი მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.