მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერიაში ნარჩენების გადამუშავების საკითხი განიხილეს

შეხვედრა მერიაში

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე თბილისის ნარჩენების სტრატეგიაზე მომუშავე კონსორციუმის ხელმძღვანელს ლუდვიგ შტრეფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესასმსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სტრატეგიის პირველადი ანგარიშის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე, გერმანული და ბერძნული კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა წარმოადგინა.

მაია ბითაძის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავების პირველი ეტაპი დასრულებულია და უკვე არსებობს კონცეპტუალურ დონეზე შექმნილი მოდელი, რომელიც ნარჩენების ადგილზე სეპარირებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლა გზა ქალაქში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

„ნარჩენების მართვა და ნარჩენების სეპარირებული მართვა არის ასოცირების შესახებ შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც მუნიციპალიტეტებმა უნდა შეასრულონ. თბილისი ამ მხრივ მოწინავე მუნიციპალიტეტია, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს დახმარებას და ვამუშავებთ სტრატეგიას. აღნიშნული მოდელის მიხედვით უნდა მოხდეს ნარჩენების ადგილზე სეპარირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ნარჩენების გადამუშავებას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ, ყველა სხვა ნარჩენი, ნაგავსაყრელზე აღარ უნდა განთავსდეს, არამედ უნდა გადამუშავდეს და მათგან ელექტროენერგიის მიღება მოხდეს. საბოლოო ჯამში, ამ სტრატეგიის თანახმად შეიქმნება ნარჩენების მართვის ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც სეპარირებული იქნება შუშა, რკინა და ქაღალდი, ხოლო ყველა სხვა ნარჩენი ენერგიად გარდაიქმნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც მერის მოადგილემ განმარტა, სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდება ნარჩენების შემგროვებელი მანქანების ისეთი სამარშრუტო სქემა, რომელიც საცობების წარმოქმნის რისკსა და ოპერირების ხარჯებს მაქსიმალურად შეამცირებს.

„სტრატეგიის ფარგლებში გერმანელმა ექსპერტებმა უნდა დაგვითვალონ სატრანსპორტო სქემები, რომ ნარჩენების გამტანმა მანქანებმა იარონ არა დღეში ორჯერ და არა ისე, როგორც ახლა დადიან, პიკის საათებში, არამედ იარონ გარკვეულ დროს. მათ ზუსტად უნდა დაგვითვალონ, თბილისის განაშენიანებიდან გამომდინარე რამდენი ავტომობილი და ურნა დაგვჭირდება, როგორც სეპარირებული, ასევე სხვა ნარჩენისთვის. ასევე, როგორი იქნება ოპტიმალური სამარშრუტო სქემები „თბილსერვისის“ ავტომობილებისთვის, რომ მათ ნარჩენები მინიმალური დანახარჯით შეაგროვონ“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიაში შემდეგი საკითხები იქნება გათვალისწინებული: თბილისში ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების სათანადო დამუშავება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების რაოდენობას და შესაბამისად ლილოს ნაგავსაყრელის საექსპლუატაციო ხარჯებს.