მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება

თბილისის მერია

თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 2021 წლის საკურორტო ვაუჩერის მისაღებად, სპეციალური განაცხადების შევსება 18 იანვარს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, ვაუჩერი საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 800 ლარია. ვაუჩერით მოსარგებლე პირი სასტუმროსა და სერვისის პირობებს თავად ირჩევს. დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული.

მათივე ცნობით, საკურორტო მომსახურების ვაუჩერი გაიცემა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებულ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირებზე. შშმ პირებს და მათ გამყოლებს ვაუჩერის გამოყენების შესაძლებლობა 2021 წლის პირველი მაისიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ექნებათ.

მათი თქმით, ვაუჩერის მიღების მსურველებმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით, უნდა მიმართონ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, უნდა შეავსონ ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადი, რასაც თან უნდა დაურთონ: დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, 3 800-მდე საკურორტო ვაუჩერი გასცა.