მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა დაიწყო

თბილისი საკრებულო პროდუქტს არიგებ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მრავალშვილიანი ოჯახების საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის კამპანია დაიწყეს.

დეპუტატები თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს საკვებ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ. პროდუქტები საინვესტიციო კომპანია "Middle Seas Capital"-მა შეიძინა და დასარიგებლად საკრებულოს გადასცა. საკრებულოს წევრები ნობათებს სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. საკრებულოს თავმჯდომარემ კომპანიას, რომელმაც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის პროდუქტი შეიძინა, მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კერძო სექტორის აქტიურობით, კამპანია, რომლის ფარგლებშიც იმ ადამიანების დახმარება ხდება, რომლებსაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, არ წყდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები 100 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში აქტიურად დგას ხელისუფლების გვერდით და ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. დღეს, საკრებულოს წევრები, თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში, მრავალშვილიან ოჯახებს აღნიშნულ ნობათებს დაურიგებენ. ამ ეტაპზე საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები 100 ოჯახს გადაეცემა. თუმცა კამპანია გრძელდება და ჩვენ ეტაპობრივად ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრები ნობათს თბილისის ათივე რაიონში დაარიგებენ.