მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აგვისტოს დასაწყისიდან აღდგება

თვითმფრინავის აფრენა

„აგვისტოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს რამდენიმე კომპანია შეასრულებს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, შეთანხმება უკვე მიღწეულია ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე კომპანიებთან „ეარ ფრანს“ და „ეარ ბალტიკი“.

„კომპანია „ლუფტჰანზასთან“ მიღწეული გვაქვს შეთანხმება, რომ ყველაზე გვიან 2 აგვისტოს აღდგება რეგულარული მიმოსვლა თბილისსა და მიუნჰენს შორის, სიხშირით - კვირაში ორი ფრენა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს და ავიაკომპანიებს, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკება „ეარ ფრანსთან“ მიმდინარეობს.

„მოსალოდნელია, რომ რეგულარულ ფრენებზე შეთანხმება აგვისტოდან მოხდეს, შარლ დე გოლის აეროპორტთან. მინისტრის ინფორმაციით, სიხშირეების რაოდენობა ჯერ მოლაპარაკების საგანია.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ასევე იხსნება საზღვარი, „ეარ ბალტიკია“ წარმოდგენილი, რიგა- თბილისის რეისის შესრულება ასევე, აგვისტოში უკვე დაიწყება. „ამ ეტაპზე ფრენების სიხშირეზე ვსაუბრობთ - ჩვენი პოზიციაა, რომ კვირაში ერთი სიხშირე იყოს, კომპანია ახლა ამას განიხილავს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროპის ხუთ სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.