მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისსა და სოფიას შორის გეოგრაფიული ობიექტების ნაცვალგების სურვილი გამოითქვა

საქართველო-ბულგარეთი

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი საქართველოში ბულგარეთის ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქებს შორის გეოგრაფიული ობიექტების ნაცვალგების სურვილი გამოითქვა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„თბილისი და სოფია დაძმობილებული ქალაქებია. ეს კი ქალაქებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. თბილისს დაძმობილებულ ქალაქებთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სასიხარულია, რომ სოფიაც მათ რიცხვში შედის,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მუშაობის შესახებ და თბილისში ქუჩების თუ სკვერების სახელდების პროცედურებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ორი მხარის ერთობლივი სურვილია, ქალაქებს შორის გეოგრაფიული ობიექტების ნაცვალგება მოხდეს.

ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ თინათინ ნიბლოშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება თბილისის საკრებულოს წინადადებას სოფიასა და თბილისის სახელების ნაცვალგების შესახებ. თინათინ ნიბლოშვილმა ბულგარელ სტუმრებს ამ საკითხის დეტალურად შესწავლა და გეოგრაფიული ობიექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა შესთავაზა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და საქმიანი ურთიერთობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.