მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

დიდი იდეების გამოწვევა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, გამარჯვებული იდეის ავტორებს სალომე ნეფარიძესა და ეკატერინე ხეთაგურს ჯილდოდ 500 გირვანქა სტერლინგი გადაეცემათ და ისინი „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ.

საერთო ჯამში, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჟიურიმ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილე სტუდენტური გუნდებიდან გამოავლინა ტოპ 10 იდეა, რომელიც საუკეთესოდ მიიჩნია: 1. Smart Air Monitoring Display System; 2. Miniatures; 3. Smart Lamps; 4. Little Grower; 5. Multifunctional „Delta pen“; 6. Contacting Agro Camp; 7. SmartWear; 8. Greenline; 9. Tablet soap; 10. Ecar support. ათივე იდეა და მათი ავტორები კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის განცხადებით, „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათთვის ეს კონკურსი არის მხარდაჭერა და შესაძლებლობა, მსოფლიოს თავიანთი ინოვაციური სტარტაპები გააცნონ. როგორც რექტორმა აღნიშნა, კილის უნივერსიტეტის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა“ (KRISP), რომელიც დიდ ბრიტანეთში უნივერსიტეტებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სტიმულირებისთვის შეიქმნა.

„ბრიტანეთის საბჭოს ეს ცნობილი კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იფიქრონ კრეატიულად, შეიმუშაონ და გაიტანონ თავიანთი ინოვაციური იდეები, ამ მიზნით გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები და რაც მთავარია, გამარჯვება მოიპოვონ. უნივერსიტეტისთვის კი „დიდი იდეების გამოწვევა“ სამეწარმეო განათლების სფეროს განვითარებისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მრავალფეროვანი და ორიგინალური პროექტები წარმოადგინეს. ჟიურიმ საუკეთესო იდეების ათეული შეარჩია. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდებს რეალური პერსპექტივა აქვთ, გამარჯვება მოიპოვონ ჯერ საქართველოში და შემდეგ - გლობალურ კონკურსში. ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ და წარმატებებს ვუსურვებთ. თუმცა მთავარია, ახალგაზრდებმა საკუთარი დიდი იდეების რეალიზება შეძლონ და ამავდროულად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებით, მომავალშიც გააგრძელონ არაორდინალური და ინოვაციური იდეების გენერირება“, - აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, კონკურსი „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ (Big Idea Challenge 2020) მიმდინარეობდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark) ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის პარტნიორობით. მსოფლიოში Covid-19-ის პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კონკურსი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური, კომერციალიზაციის დეპარტამენტთან კოორდინაციაში. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სტუ-ის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უწევს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი. პროექტში უშუალოდ ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 150-ზე მეტი სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.