მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

TI: შრომის უსაფრთხოების კანონში ცვლილებები ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო, რათა მძიმე ტვირთი არ ყოფილიყო მცირე ბიზნესისთვის

პარლამენტის შენობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონს აფასებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში არ არსებობს პოლიტიკური ნება, კანონმდებლობაში უკვე გაწერილი მექანიზმების გამოყენების შესახებ.

ამასთანავე, TI დღეს, 3 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო, რათა კანონის ძალაში შესვლა მძიმე ტვირთი არ ყოფილიყო მცირე ბიზნესისთვის.

„ეფექტური შრომის ინსპექცია, რომელიც შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსის პირობებში, შეძლებს, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, კონტროლის სრულფასოვნად განხორციელებას, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე, საჭირო იყო, წარდგენილი ინიციატივის შედეგად, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) განხორციელება, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო პრიორიტეტულ დარგებში საკანონმდებლო ცვლილებები, რათა, სიახლის გათვალისწინებით, შესაძლო გამოვლენილი ხარვეზები არ გავრცელებულიყო ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, და კანონის ამოქმედება მძიმე ტვირთი არ ყოფილიყო მცირე ბიზნესისთვის. კანონპროექტის განხილვის პროცესში, შევაფასეთ მისი პოზიტიური და პრობლემური სიახლეები, მათ შორის, ვუთითებდით კორუფციის რისკების მინიმუმამდე დაყვანის საჭიროებაზე. კერძოდ, სანქციების ნაწილში, დარღვევების შინაარსი მკვეთრად გამიჯნულიყო, თითოეული დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის ზღვარი არ უნდა ყოფილიყო შეუსაბამოდ განსხვავებული. სამწუხაროდ, სახელმწიფოში არ არსებობს პოლიტიკური ნება, ეფექტურად იქნეს გამოყენებული შრომის უსაფრთხოების დაცვის ის მექანიზმები, რომლებიც უკვე გაწერილია ჩვენს კანონმდებლობაში. დამატებითი კანონმდებლობის და ნორმების შემოღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შრომის უსაფრთხოების დაცვის ეფექტური პრევენციული მექანიზმი, თუ წინასწარ იქნება გათვლილი ის შედეგები და რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს კანონის ამოქმედებას. ნათლად უნდა იყოს გაწერილი სტანდარტები და მისი კონტროლის მექანიზმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგად მივიღებთ დამატებით რეგულაციებს და კორუფციისთვის ხელსაყრელ გარემოს“, -ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში.

ცნობისთვის, პარლამენტმა, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის თებერვალში მიიღო, რომლის თანახმად, 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან, კანონი, არა მხოლოდ საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ, ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე გავრცელდა.