მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრანსგენდერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული ბანერი რადიკალურმა ჯგუფმა გაანადგურა - „თბილისი პრაიდი“

თბილისი პრაიდი 17 მაისს ონლაინ  დემონსტრაციას გეგმავს

„თბილისი პრაიდი“ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „თბილისი პრაიდის“ განცხადებაშია აღნიშნული, 20 ნოემბერს ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში პოსტერი გააკრეს წარწერით „ჩვენ გვახსოვს“.

ამავე განცხადების თანახმად, 24 ნოემბერს „თბილისი პრაიდს“ ვიდეო გაუგზავნეს, სადაც ჩანს, როგორ ანადგურებს პოსტერს მიწისქვეშა გადასასვლელში რადიკალური დაჯგუფების წევრი.

„აღნიშნული ჟესტით გვინდოდა საქართველოში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მიგვეგო პატივი.

დღეს დილით, „თბილისი პრაიდის” გვერდზე გამოგვიგზავნეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანადგურებს პოსტერს, ცეცხლს უკიდებს, ბოლოს კი ნაცისტური სალუტით გვემშვიდობება რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი.

აღნიშნული ვიდეოს შინაარსი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შემაწუხებელია. ჩვენ აქ ვხედავთ საჯარო სივრცის დეგრადაციას: ხსოვნის პოსტერის ამგვარი განადგურება მიგვანიშნებს, რომ გაუფასურებულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილის გლოვა, პატივისცემა და ემპათია. ამ ღირებულებათა ნაკლებობის ყველაზე საგანგაშო გამოვლინება კი სწორედ სიძულვილისა და უთანასწორობის იდეოლოგიების - ფაშიზმისა და ნაციზმის - ელემენტების ათვისებაა.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უკანონო თუ ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირების სამართლებრივი გზები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ყოველთვის საკმარისი ან რელევანტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ წვდომა საჯარო სივრცეზე, რათა შევქმნათ ან ხელი შევუწყოთ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და სოლიდარობის ღირებულებების გავრცელებას, და არა იმისთვის, რომ კვლავ გავაძლიეროთ კონფლიქტური ან რეპრესიული გარემო“, - ნათქვამია განცხადებაში.