მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წიგნები კარანტინში, ჯგუფური მუშაობის აკრძალვა - როგორ იმუშავებენ ბიბლიოთეკები პანდემიის პირობებში

საქართველოს ბიბლიოთეკა

ჯანდაცვის სამინისტრომ ბიბლიოთეკებისთვის კორონავირუსის პანდემიის პირობებში ზოგადი რეკომენდაციები გამოსცა. მინისტრის ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

როგორ იმუშავებენ ბიბლიოთეკები კორონავირუსის პანდემიის პირობებში

დაწესებულების შესასვლელთან განხორციელდება თერმოსკრინინგი. შესასვლელში განთავსდება დეზობარიერი. პერსონალი და ვიზიტორები დაწესებულებაში შევლენ პირბადით.

წიგნების/დოკუმენტების გამცემი პირი უნდა აღიჭურვოს ხელთათმანით.

დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება, გამოიყენება ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

სამკითხველო დარბაზი

ვიზიტორები მაგიდებთან წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე განთავსდებიან, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით.

აიკრძალება ჯგუფური მუშაობის პრინციპი. ხშირად შეხებადი ზედაპირები დღეში არანაკლებ 3-ჯერ დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით. კომპიუტერი და მისი აქსესუარები, აგრეთვე, სამუშაო ავეჯი, ყოველი გამოყენების შემდეგ დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.

საცავი და სპეციალური ფონდები

საბიბლიოთეკო დოკუმენტები (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, ნოტები და ა.შ) გაცემამდე ჩაითვლება ე.წ. „პირობითად სუფთა წიგნებად“. დოკუმენტები, რომლებიც მომხმარებლებისგან/მკითხველებისგან დაბრუნდება, ჩაითვლება „პირობითად ინფიცირებულ წიგნებად.

მომხმარებლისგან/მკითხველისგან დაბრუნებული დოკუმენტი განთავსდება კარანტინში 3-5 დღის განმავლობაში.

პერსონალისა და მომხმარებელთა ვალდებულებები:

ჯანდაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ, დაიცვათ ჰიგიენის წესები.

მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა).

მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვის (არანაკლებ 2 მ) შესახებ.

სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას.

გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი.

დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი.

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში.

მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.