მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში დავრჩებით

მდგრადი განვითარების მინისტრი

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სამთავრობო გუნდი ევროკავშირთან მუშაობას განაგრძობს, რათა საქართველო საბოლოოდ მოხვდეს უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

მინისტრის განცხადებით, ასევე გრძელდება მუშაობა ევროკავშირთან უსაფრთხოების პროცედურებზე, რომლებიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, შემოღებული იქნება ევროკავშირის მიერ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კეთილსაიმედო და უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ.

„მთავარია, რომ ჩვენ ამ სიაში უნდა ვიყოთ. ევროკავშირის სიაში ყოფნა არის ჩვენი მუშაობის შედეგი. სწორედ იმიტომ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ სიაში ვიქნებით და გვაქვს ევროკავშირის ქვეყნების დადებითი დამოკიდებულება, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ყოველ ორ კვირაში ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას გადახედავს. „თავდაპირველ ვერსიას შეიძლება რომელიმე ქვეყანა მოაკლდეს ან დაემატოს. ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუკი კვლავინდებურად ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ვიზიტორებს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ გარემოების გათვალისწინებით იქნება მიღებული,“ - განაცხადა მინისტრმა.

ევროკავშირის საზღვრები 1-ლი ივლისიდან საქართველოსთვის გაიხსნება, თუმცა საქართველომ რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღი 1 თვით 1-ელ აგვისტომდე გადადო. გადაწყვეტილბის მიღების მიზეზად მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაცია დასახელდა.