მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ გავუღოთ ჩვენი სულის კარი სულიწმიდის მადლის მოქმედებას“ - მიტროპოლიტი შიო

„უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ გავუღოთ ჩვენი სულის კარი სულიწმიდის მადლის მოქმედებას“

„უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ გავუღოთ ჩვენი სულის კარი სულიწმიდის მადლის მოქმედებას“ - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაში.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

მაღალ ღირსო მამაო მიქაელ, პატიოსანო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს არის გიორგობა – წმინდა გიორგის მიცვალების, გარდაცვალების დღე და განსაკუთრებული დღე კიდევ იმიტომ, რომ ამ დღეს დაემთხვა ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათი, ქრისტეს აღდგომის ტოლფასი დღე გახლავთ დღეს და მთელი ეს კვირა.

დღეს წაკითხული იყო ორი სახარება. ორივე სახარებაში ისე ემთხვევა, რომ უფალი იესო ქრისტე საუბრობს სულიწმიდის შესახებ.

წმინდა გიორგის ცხოვრებიდან გახსოვთ, როგორც იცით, მას თითქმის ექვსი თვის განმავლობაში აწამებდნენ და ერთხელ მოესმა მაცხოვრის ხმა: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!“ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას არაერთხელ უთქვამს, რომ ეს ხმა – „ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!“ – ჩვენს ერს მთელი ისტორიის განმავლობაში ესმოდა და დღესაც ესმის.

აქ ისმის კითხვა: – რა ძალით შეიძლება იყოს ჩვენთან იესო ქრისტე? რას ნიშნავს „მე შენთან ვარ“? როგორ ვარ, რით ვარ, რა ძალით ვარ?

აი, ამაზე პასუხია დღევანდელ სახარებაში, რომ იგი არის ჩვენთან სულიწმიდის მადლითა და ძალით. სახარებაში გადმოცემულია მისი საუბარი ნიკოდიმოსთან, რომელიც იყო სინედრიონის წევრი, მაშასადამე, იყო ერთ-ერთი ერისმთავართაგანი, ღიად ვერ მიდიოდა უფალთან, ამიტომ ღამღამობით ეწვეოდა ხოლმე და მასთან ასეთი დიალოგია, სადაც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ვინც არ დაიბადება წყლისაგან და სულისა, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში.

აქ, რა თქმა უნდა, იგი საუბრობს შემდგომში ნათლისღების საიდუმლოების დაარსებასა და მირონცხებაზე, როგორც სულიწმიდის მადლის მინიჭებაზე, მაგრამ არა მხოლოდ ამაზე.

აქ არის საუბარი სულიწმიდაზე, როგორც მარადიული ცხოვრების წყაროზე. წმინდა მამები ამაზე ხშირად მსჯელობდნენ ხოლმე, მრავალს წერდნენ და ამბობდნენ, რომ სულიწმიდა არის მარადიული ცხოვრების წყარო და საწყისი.

როგორც მატერიალურ სამყაროში ყველაფერს აქვს ენერგიის წყარო და ამ ენერგიის წყაროს გარეშე ვერ იარსებებს ვერც დედამიწა, ვერც ადამიანის სხეული, რომელსაც სჭირდება საკვები, წყალი, ჰაერი, დედამიწას სჭირდება მზის ენერგია, მზე რომ ჩაქრეს, დედამიწაც ვეღარ იარსებებს.

აი, ასევე არის სულიერ ცხოვრებაშიც – ყველაფერს სჭირდება ენერგიის წყარო, რომელიც გარედან შემოდის, იმიტომ რომ ადამიანს თვითონ ეს წყარო არ აქვს თავის თავში. ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის ასეთი წყარო გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ სულიწმიდის მადლი; სულიწმიდის მადლის გარეშე ადამიანი ვერ იმკვიდრებს მარადიულ ცხოვრებას, ვერ ცხონდება და აი, ამაზეა დღეს საუბარი...

მაგრამ ეს ადამიანის მხრიდან ნებაყოფლობითი უნდა იყოს, იმიტომ რომ, როგორც ადამიანს შეუძლია, ვთქვათ, მზის სხივებს დაემალოს, მოერიდოს, ასევე შეუძლიათ, როგორც წმინდა ბასილი დიდი წერს, ადამიანის ვნებებსა და ცოდვებს დახურონ კარი, საიდანაც შემოდის სულიწმიდა და მაშინ არანაირი მარადიული ცხოვრება და სასუფეველი სულისთვის აღარ იქნება.

აი, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება. მათ შორის წმინდა ბასილი დიდი იყენებს ასეთ ტერმინს, რომელსაც ბერძნულად ეწოდება სინერგია. ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ძალიან ხშირად გვახსენებს ამას – იმისათვის, რომ სულიწმიდა მოვიდეს, საჭიროა თანხვედრა ორი ენერგიისა, ორი ნებისა – ღვთის ენერგიის, მისი ყოვლისშემძლეობის და და მისი ნებისა და ადამიანის თავისუფალი ნებისა. აი, ეს თანხვედრა ქმნის ადამიანის სულიერ გადარჩენას; აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს.

ასევე დღეს იყო სახარებაში უფალ იესო ქრისტეს სიტყვები. იგი ამბობს, რომ სულს სადაც სურს, ქრის და გვესმის მისი ხმა, მაგრამ საიდან მოდის და სად მიდის, არ ვიცითო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სულის ეს ხმა გვესმის, იმიტომ ვართ ჩვენ აქ, ჩვენს ერსაც. ამავე მონაკვეთის ბოლოს უფალი დასძენს, რომ ასე ემართება ყველას, ვინც სულისგან ნაშობიაო.

ჩვენი ერიც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მოინათლა, არის ნაშობი სულისაგან და ჩვენ გვესმის ეს ხმა სულისა, გვესმის წმინდა წერილში, გვესმის წმინდა ეკლესიის ღვთისმსახურებაში და გვესმის ისეთი დიდი მოღვაწეების ღვაწლსა და ცხოვრებაში, როგორიც ბრძანდება წმინდა დიდმოწამე გიორგი.

ეს სულიწმიდის ხმა გვესმის ჩვენ, ამიტომ ვეთაყვანებით, ამიტომ ვევედრებით მათ და ამიტომ ვგრძნობთ ჩვენ მათ შეწევნას და, რა თქმა უნდა, გვესმის ეს ხმა სულიწმიდას აღდგომის სიხარულში.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალმა ინებოს, რომ ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ გავუღოთ ჩვენი სულის კარი სულიწმიდის მადლის მოქმედებას და გვახსოვდეს, რომ ეს არის ცხოველმყოფელი სული, ეს არის წყარო და საწყისი ჩვენი მარადიული ცხონებისა, ამინ!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!“ - ნათქვამია ქადაგებაში.

მიტროპოლიტმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იქადაგა.

შეგახსენებთ, 6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე ქრისტიანი წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეა.