მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უსაფრთხო სასკოლო ექსკურსიაზე პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა

სასკოლ ოექსკურსია

სასკოლო ექსკურსიები კანონმდებლობით დარეგულირდება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტით, განისაზღვრება სკოლის მიერ ორგანიზებული სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესები:

  • ცვლილების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლებიის გადაყვანას, ვალდებული იქნება ჰქონდეს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეტა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა აღიჭურვოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;
  • მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;
  • იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი, რომლებსაც მართვის მოწმობა აღებული უნდა ჰქონდეთ სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე;
  • მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

აღნიშნული წესების დარღვევა დასჯადი იქნება ადმინისტრაციული წესით.

კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებით, სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, რომლის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

„ხშირია შემთხვევები, რა დროსაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის სათანადო კვალიფიკაციის. ასევე, გრძელ მანძილზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული სათადარიგო (შემცვლელი) მძღოლის გამოყენების სავალდებულოობა. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ზრდის სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკს და აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს შესაბამისი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ რისკის მაქსიმალურად შემცირებას“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მოხდა 2019 წლის მაისში. კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღვოდა ერთ-ერთ სასკოლო ექსკურსიაზე მომხდარი უბედური შემთხვევა, რა დროსაც სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე.