მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაძლევ ერთ კვირას რომ ღიად მოინანიონ ამბოხში მონაწილეობა“ - მეუფე სტეფანე ჭყონდიდელ დიაკვნებზე

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი

„სასულიერო პირებს, ყველას ვაძლევ ერთ კვირას, ვინც არის ჩემს იურისდიქციაში, რომ მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ თავისი საქციელი, ამბოხში მონაწილეობა. ერთ კვირაში ვინც ამას არ გააკეთებს, ის, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, გავაკეთებ“, - ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირების პასუხისმგებლობის საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე დააყენებს.

„თუ პეტრეს და მის ამფსონებს, მე მათ სასულიერო პირებად ვეღარ ვხედავ, თუ არ მოინანიებენ, თუ მოინანიებენ მერე შეიძლება ყველაფერი მოხდეს სასიკეთოდ. უკვე ეს პრობლემა ისეთში გადავიდა, რომ უკვე ზღვარს გადააცილეს, ამიტომ მე ვაყენებ წმინდა სინოდის წინაშე საკითხს“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მან ამბოხებული სასულიერო პირების ერთ ნაწილს, ასევე მრევლის რამდენიმე წარმომადგენელს ერთი კვირით ზიარება აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება და აცხადებს, რომ მან ეპარქია უნდა დატოვოს.

ამ მიზეზით, 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს.