მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაური: განსაკუთრებულ დავალებათა და სტრატეგიული მილსადენების დაცვისა დეპარტამენტების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ  გომელაურმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. 

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას. პანდემიის დროს მათი ფუნქციებიც გაიზარდა, მათ შორის, დაევალათ ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილი საგუშაგოების 24-საათიანი კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით.

„განახლდა და სრულად აღიჭურვა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, განხორციელდა საოკუპაციო ხაზის კომპლექსური შეფასება, განისაზღვრა როგორც არსებული ტაქტიკური და ლოჯისტიკური მდგომარეობა, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ეტაპობრივად გაიზარდა თანამშრომელთა ხელფასები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის როლზე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

„მინდა აღვნიშნო სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ მუდმივ რეჟიმში ხდება დეპარტამენტის გაძლიერება. კერძოდ: ტაბაწყურის ტბასთან დასრულდა ახალი კაპიტალური ბაზის მშენებლობა, მოეწყო წალკის და ახალციხის საგუშაგოები, მარნეულის და სუფსის ბაზებზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტაქტიკური და სამთო მომზადების ზამთრისა და ზაფხულის სწავლებები. მიმდინარე წელს დაგეგმილია საბრძოლო დანაყოფების საცეცხლე მომზადება და წალკის, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.