გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბრიდან საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები დაწესდა.
ცვლილებების მიხედვით, გერმანიის საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირები შეძლებენ:
სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა, (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით); წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მირ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ COVID 19-ის ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა.
ასევე, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა).
ანალოგიურად, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ COVID 19-ის ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა.
გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.
ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:
1. არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება,
2. გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;
3. პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.
ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).
ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზე .
ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.
ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული არ არის.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი).