მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

XXI საუკუნის რუსული იმპერიალიზმის გამოვლინებები

პუტინის რუსეთი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ შეერთბეულ შტატებში ვიზიტისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის ანექსია გაიხსენა. მანვე ტრამპს პოლონეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდა სთხოვა.

პოლონეთი და აშშ ბოლო წლებში ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ქვეყანა მკვეთრად ამცირებს რუსულ გაზს და მას უფრო ძვირი, მაგრამ სტაბილური ამერიკული თხევადი გაზით ანაცვლებს. პოლონეთს აშშ-სთან ასევე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ანტისარაკეტო სისტემის პეტრიოტებისა და მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლების F35-ების შესყიდვის თაობაზე. პარტნიორობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დუდა გახდა პირველი ქვეყნის ლიდერი, რომელიც კარანტინის შემდეგ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიღო.

შეერთებულ შტატებს გერმანიიდან არმიის ნაწილი გამოჰყავს, ამერიკელ ჯარისკაცებს შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად პოლონეთში გადასვლა მოუწიოთ, შესაძლებლობის ალბათობა ტრამპმაც დაადასტურა.

პოლონეთი NATO-ს წევრი მეოთხე გაფართოების შედეგად, ჩეხეთთან და უნგრეთთან ერთად 1999 წელს გახდა. ალიანსის მეხუთე მუხლი მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თუმცა ვარშავა ამას არ სჯერდება და თავდაცვის პოტენციალს დამოუკიდებლადაც აძლიერებს. სიფრთხილის საფუძველი წარსულის გამოცდილებაა.1792-1918 წლებში პოლონეთი რუსეთის გუბერნიას წარმოადგენდა. ასევე მოსკოვის პირდაპირი გავლენის ქვეშ იყო ქვეყანა 1945-1989 წლებში, იქამდე 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთის აღმოსავლეთის საზღვარი საბჭოთა ტანკებმა გადაკვეთა. 1940 წელს 22 000 სამხედრო მაღალჩინოსანი კატინის ტყეში დახვრიტეს. დღემდე საეჭვოდ მიიჩნევა 2010 წლის 10 აპრილს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფის გარემოებებიც. პოლონეთს რუსეთი კალინინგრადის ოლქით ესაზღვრება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად მილიტარიზებული ანკლავია მსოფლიოში.

terakti-kachinskize_o_h.jpeg

რაც შეეხება დუდას განცხადებას საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით, რეალობაა და მშრალ ფაქტებს ეფუძნება. რუსეთი XXI საუკუნეში სხვა სახელმწიფოს საზღვრებში ღიად იჭრება და მას „სხვადასხვა საჭიროებებით“ ხსნის.

აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის დიდი ნაწილის ფაქტობრივი ოკუპაცია რუსეთმა 2008 წლამდე ბევრად ადრე 1992-1993 წლებში მოახდინა, თუმცა თუ მაშინ საქართველოს თვითმფრინავების გადაღებვას და საკუთარი ტერიტორიების დაბომვას აბრალებდა, 2008-ში სუვერენული სახელმწიფოს ინტერვენციაში მონაწილეობა აღარ დაუმალავს, მაგრამ არ აუხსნია, თუ რა შუაშია იყო „2000 ოსის სარდაფებში დახვრეტის“ გამოგონილ ფაქტთან გორსა და სენაკში საცხოვრებელი კორპუსების დაბომვა, ავტომაგისტრალის დაკავება, ფოთსა და ზუგდიდში შეჭრა ან ზემო აფხაზეთის ოკუპაცია.

agvistos-omi_o_h.jpeg

2014 წელს რუსეთმა ყირიმი ასევე ღიად დაიკავა. მოგვიანებით ერთ-ერთ პროპაგანდისტულ დოკუმენტურ ფილმში პუტინმა განაცხადა, რომ თუ მას ამ ოპერაციაში დასავლური სახელმწიფოები ხელს შეუშლიდნენ, მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. ყირიმისგან განსხვავებით, რუსეთი დონბასისა და ლუგანსკის ოკუპაციის ფაქტს დღემდე უარყოფს. მაგრამ მოლაპარაკებებში, როგორც ერთ-ერთი მხარე, მაინც მონაწილეობს, ხელმოწერილ შეთანხმებებს კი ჩვეულ რეჟიმში არღვევს. გარდა ამისა, როდესაც ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის „ლიდერის“ ალექსანდრე ზახარჩენკო ააფეთქეს ჯერ ლავროვმა, შემდეგ პუტინმა, იმ სახელმწიფოს პრეზიდენტმა რომელიც „კონფლიქტში არ მონაწილეობს“, კიევს ღია მუქარა გაუგზავნა.  

omi-ukrainashi_o_h.jpeg

2020 წლის ივნისში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო რეიტინგშემცირებულმა პუტინმა მორიგი მუქარანარევი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, როდესაც რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში გაწევრიანდნენ, რუსეთმა მათ ტერიტორიები გადასცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მათ წესით, ეს ტერიტორიები უნდა დაებრუნებინათ, რაც არ გააკეთეს. როგორც ყოველთვის, პუტინის ეს განცხადებაც სიმართლისგან დაცლილია. სახელმწიფოები საბჭოთა კავშირში არ შესულან, ყველა მათგანი მოსკოვმა დაიპყრო. რაც შეეხება ტერიტორიებს, სულ რაღაც 2 წელიწადში, 1921-1922 წლებში საქართველოს ფართობი 35.3%-ით 107.6 ათასი კვადტრატული კილომეტრიდან 69.7 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მეტი სისხლი არა უკრაინაში ან საქართველოში, არამედ მის მიერ ჯერ კიდევ  XIX საუკუნეში ანექსირებულ იჩქერიის რესპუბლიკაში დაღვარა. 1994-2000 წლებში ჩეჩნეთის ორ ომს 200 000-მდე უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის 50 000-მდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

chechnetis-omi_o_h.jpeg

ემზადება თუ არა მოსკოვი ახალი ინტერვენციისთვის და თუ კი, რომელი იქნება ეს სახელმწიფო, ალბათ, მხოლოდ კრემლის კედლებს მიღმა იციან. ბოლო პერიოდში ურთიერთობა რამდენჯერმე დაიძაბა ბელარუსთან და პოლიტოლოგები მას რისკის ზონის ქვეშ მყოფ ქვეყნად მიიჩნევენ. ფაქტი კი ერთია, რუსეთს დღემდე მართავს ადამიანი, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტრიფა იყო. სკოლებში კი ბავშვებს სიმღერით ასწავლიან, რომ მათია არამხოლოდ დონბასი და კურილიის კუნძულები, არამედ ალასკაც.