მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში საბავშვო ბაღებს დეზინფექცია ჩაუტარდათ

საბავშვო ბაღი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება.

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა თოლორაია გაეცნო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღებში მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. აღსაზრდელებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში მივიღოთ“–აღნიშნა ხათუნა თოლორაიამ.

არსებული ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღებში ინსფრასტრუქტურის განახლება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ანაკლიასა და ჯუმში საბავშვო ბაღებს აშენებს. ტენდერი გამოცხადდა სოფელ ჭითაწყარისა და რუხისთვის 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების, სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისა და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება 18 საბავშვო ბაღს.

ცნობისთვის, 2013 წლიდან ზუგდიდში 29 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აშენდა ქალაქის N2 და ახალკახათის საბავშვო ბაღები.