მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ გურიელიძე: თბილისის ზოოპარკის ბინადრები თავს კარგად გრძნობენ

თბილისის ზოოპარკის დირექტორი

"სამწუხაროდ თბილისის ზოოპარკი დაკეტილია. ახლა ცხოველების ნახვა შეუძლებელია, თუმცა ისინი თავს კარგად გრძნობენ", - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცხოველებს ვეტერინარებისა და მომვლელების მიერ კვლევა ყოველდღიურად უატრდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება ექცევა.

"იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა ხველა, ეს არასასიამოვნო მოვლენაა ცხოველებში, კორონავირუსის გარეშეც, მხედველობაში მაქვს COVID- 19, რომელიც ადამიანებშია გავრცელებული. სხვა შემთხვევაში კატებს თავისი კორონავირუსი აქვთ, ძაღლებს თავისი, რქოსან საქონლებს თავისი, რომლებიც ადამიანებს ჯერჯერობით არ გადაეცემათ", - აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.

ზურაბ გურიელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ზოოპარკის ბინადრებს COVID -19 დაუფიქსირდებათ, მათ მკურნალობასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანიზაციებისგან ჯერჯერობით რეკომენდაციები გაცემული არ არის.

"ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კავშირი ზოოპარკების ასოციაციასთან. გარდა ამისა არსებობს ევროპის ზოოპარკების ვეტერინარებისა და გარეული ცხოველების ვეტერინართა ასოციაცია, რომლებიც რეკომენდაციებს გვაწვდიან ხოლმე. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ვირუსებზეა ლაპარაკი, რეკომენდაცია ერთია - ეს არის სისუფთავის დაცვა, ცხოველების შემთხვევაში, გარდა ამისა, ისინი უნდა დავიცვათ სტრესისგან, რადგან სტრესი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. რაიმე სპეციალური მეთოდები ჯერჯერობით არ არის.

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ჩვენ შესაძლებლობა არ გვაქვს, ექსპერიმენტები ჩავატაროთ, ისეთ დონეზე რასაც ვირუსოლოგია ჰქვია, ეს შეუძლებელია და არც არის საჭრო, ზოოპარკს ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. თუ ასეთი გამოვლინდება, ალბათ დაველოდებით რეკომენდაციებს შესაბამისი ლაბორატორიებისაგან.

დეზინფექცია ისედაც ტარდება ცხოველებთან, რადგან COVID-19-ის გარდა სხვა დაავადებებიც არსებობს, რომლისგანაც დაცული უნდა იყოს ცხოველი. ცხოველები იზოლაციით ისედაც უზრუნველყოფილები არიან", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ "მაესტროს" ეთერში.

ამასთან, მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც პანდემია გამოცხადდა, ზოოპარკში მუშაობის განსაკუთრებული წესი შემუშავდა.

"ზოოპარკში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებსაც ცხოველებთან უშუალო შეხება აქვთ, ან ცხოველებს მათი მოვლა სჭირდებათ. გარდა ამისა, თანამშრომლები ერთმანეთს ვერ ხვდებიან. რაც შეეხება უსაფრთხოების წესს ცხოველთან მუშაობის დროს, ვეფხვი კორონავირუსის გარეშეც ძალიან საშიში ცხოველია, ასე, რომ სიფრთხილის დაცვა ყველა შემთხვევაში აუცილებელია", - აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.