მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოსთან გაგვიჭირდება, გაიხსენეთ, რომ პირველი თამაში ბოლო წუთზე მოვიგეთ

ლუის ენრიკე
1630755240
სპორტი

5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებს ბადახოსში ესტუმრება. მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

„შვედეთთან თამაში გავაანალიზეთ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ორთაბრძოლები ვერ მოვიგეთ, შეგვეძლო უკეთ თამაში, პოზიციური შეცდომები იყო. ფეხბურთში არსებობს ინდივიდუალური და კოლექტიური შეცდომები. არ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც შვედეთში წავაგეთ, ყველაფერი ჯამური შედეგით ხდება.

ბოლო წლებში დონე გათანაბრდა და ძალიან რთულია ყველა თამაშის მოგება. საქართველოსთან სირთულეები გვექნება და მოგვიწევს პრობლემებთან გამკლავება. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ეს უპირატესობა გვაქვს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქართველებთან პირველ ტურში ბოლო წუთზე მოვიგეთ.

ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული გავალთ თუ არა ჯგუფში პირველ ადგილზე, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული ვითამაშებთ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებთ. ძალიან დელიკატური მომენტია და ნორმალურია, რომ პრესკონფერენციაზე ბედნიერი სახით არ მოვდივართ, მაგრამ მეორე დღეს შემდეგი თამაშისთვის მომზადებაზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო ესპანეთის აქტივში 7 ქულაა და ლიდერ შვედეთს 2 ქულით ჩამორჩება, თანაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, რაც ლუის ენრიკეს გუნდის სატურნირო მდგომარეობას ართულებს. საქართველოს ესპანეთში ორჯერ უთამაშია, ერთხელ 0:2 წააგო, ხოლო მეორედ 1:0 მოიგო. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.