მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარპოვი გაფრინდაშვილის სარჩელზე - არ მესმის, როგორ დაუშვა კასპაროვმა ასეთი შეცდომა

კარპოვი გაფრინდაშვილზე
1632385063
სპორტი

ჭადრაკში მსოფლიოს მე-12 ჩემპიონმა ანატოლი კარპოვმა ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კომენტარი გააკეთა და ქართველ გროსმეისტერს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ eurosport.ru იუწყება.

„არ მესმის, როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა გარი კასპაროვმა, რომელიც ამ ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, მას რამეს არ აჩვენებდნენ და არ ეკითხებოდნენ. მან მშვენივრად იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი გახდა გროსმეისტერი როგორც ქალთა, ასევე, კაცთა შორის. კაცებში გროსმეისტერის წოდების მიღება მას მხოლოდ კაცების ტურნირებში მონაწილეობის გამო შეეძლო. ასე რომ ამ მხრივ მისი სარჩელი სრულიად სამართლიანია“, - ამბობს ანატოლი კარპოვი.

რაც შეეხება სარჩელის იმ ნაწილს, სადაც ნონა გაფრინდაშვილი აპროტესტებს, რომ მას რუსი მოჭადრაკე უწოდეს, კარპოვი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არა რუსი, არამედ საბჭოთა მოჭადრაკე იყო.

„რა თქმა უნდა, ფილმში უნდა ეთქვათ, რომ ის საბჭოთა მოჭადრაკე იყო, მაშინ არანაირი კითხვა არ გაჩნდებოდა. ხოლო „რუსი მოჭადრაკე“ უკვე ეროვნებას გულისხმობს. ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა საქართველოში, ის ქართველია და ამით ამაყობს. მას ვერანაირად ვერ უწოდებ რუს მოჭადრაკეს და ასე არც უწოდებდნენ არასოდეს. უწოდებდნენ „საბჭოთა მოჭადრაკეს“, „საქართველოს წარმომადგენელს“ ან „ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს“, - ამბობს ანატოლი კარპოვი.

ცნობისთვის, ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა რამდენიმე დღის წინ, Netflix-ს ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უჩივლა.

სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit) კულმინაციურ ეპიზოდში გაჟღერებულ მცდარ ცნობებს ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ.

საუბარია, მონაკვეთზე, როდესაც სერიალის ბოლო სერიაში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის წამყვანი ამბობს, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია.

როგორც ნონა გაფრინდაშვილი საჩივრის ტექსტში აღნიშნავს, სერიალში გამოგონილი პერსონაჟის სენსაციად გამოყვანა სცადეს, როცა თავად გაფრინდაშვილი მაშინ რეალურად გახდა სენსაცია. მან 1968 წელს ურთულეს ტურნირში 3 კაცი მოჭადრაკე დაამარცხა. ამ დროს გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

Netflix-მა ასევე შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის „რუს მოჭადრაკედ" წარადგინა.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი ზარალის ასანაზღაურებლად Netflix-გან სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს, ასევე სერიალ „ლაზიერის გამბიტიდან“ კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვს.