მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელებს 1 მლნ ლარი, ვერცხლის მედალოსნებს - 500 000 ლარი, ბრინჯაოს მფლობელებს კი 250 000 ლარი გადაეცათ

ქართველები ტოკიოს ოლიმპიადაზე
1628959555
სპორტი

თბილისში ტოკიო 2020-ის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელ სპორტსმენებს 1 მლნ ლარი, ვერცხლის მედალოსნებს - 500 000 ლარი, ბრინჯაოს მფლობელებს კი 250 000 ლარი გადაეცათ.

„მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს.

ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენო საამაყო გმირებო, მე ასე მოგმართავთ, თქვენ მართლაც საოცარი შედეგი დადეთ - 8 მედალი, რომელიც არის მართლაც ისტორიული შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ ათეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ. მადლობა გამარჯვებისთვის. მთელი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.

მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას - ექიმებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინ თქვენს გვერდით იდგა. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება. მე ისიც ვიცი, თუ რა დგას ამ შედეგის უკან, ამ შედეგის მიღმა დგას თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სახელით. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის, რომლებიც გიყურებენ თქვენ და სწორედ თქვენს მაგალითებზე უნდა აღიზარდონ. მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ოლიმპიელებს სიტყვით ასევე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.