მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინეთიც დამარცხებულია - საქართველო ჯგუფის ლიდერია

საქართველომ მოიგო
1606593522
სპორტი

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბრწყინვალედ და უდანაკარგოდ ასპარეზობს. ეს იმის ფონზე, რომ ილიას ზუროსის გუნდს ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე აკლია და რაც მთავარია, სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია - ფინალური ეტაპის საგზური ისედაც მოპოვებული აქვს, მეტოქეებისგან განსხვავებით.

საქართველომ მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება ფინეთში მოიპოვა, სადაც ფინეთის ნაკრები მძიმე ბრძოლაში 91:85 დაამარცხა. მთლიანობაში ქართველი კალათბურთელები უკეთ ირჯებოდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს. სხვა თუ არაფერია, ოთხიდან სამი პერიოდი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა და შედეგი სრულიად ლოგიკურია.

ბოლო, მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო 10 წუთში გადაწყდა, სადაც ზუროსის გუნდმა გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშა, ვიდრე მეტოქემ, რომელიც აშკარად დაჯაბნა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ექვსი ქულის სხვაობით, 91:85 მოიგო.

ბრწყინვალე იყო გიორგი შერმადინი. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 34:23 წუთში 27 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და ორივე გუნდში ცალსახად საუკეთესო იყო. თორნიკე შენგელიამაც ულიდერა გუნდს - 34:14 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი. თად მაკფადენმა სამქულიანები ძალიან ცუდად ისროლა, მაგრამ ამის მიუხედავად ორმაგი დუბლი მაინც გაიფორმა და გამარჯვებაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის - 14 ქულა და 10 პასი.

საქართველოს ნაკრების თამაშმა სწორედ ხსენებული მოთამაშეების მხრებზე გადაიარა, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ეროვნული ნაკრების დებიუატანტების ძალიან დამაჯერებელი გარჯა. გივი ბაქრაძემ 17:52 წუთში 10 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ 24:24 წუთში 11 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა, რაც ნაკრებში პირველი თამაშის კვალობაზე მართლაც შესანიშნავი მონაგარია და არაფერი დაეწუნება.

ამასობაში, საქართველოს ნაკრებმს 3 მატჩში 3 გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი უკავია და ის ფაქტია, რომ ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს, ჩვენს გუნდს საერთოდ არ მოქმედებს, რაც სასიამოვნოა. ილიას ზუროსის გუნდი მეოთხე ტურში 30 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებს თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.