მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმირ ვაისი: ერთი გოლით მეტის გატანა გამარჯვებისთვის საკმარისი იქნება

ნაკრების მწვრთნელი
1605102617
სპორტი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

„დიდი თამაშია, ამ თაობისთის, საქართელოს ნაკრებისთის და ზოგადად, ყველასთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კვარაცხელიასა და შენგელიას დანაკლისი, მაგრამ ვფიქრობ, დღეს გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. დანაკლისია მეტოქის ბანაკშიც, ამიტომ, უნდა ვეცადოთ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინა პრესკონფერენციაზე მკითხეს, ვის ვისურვებდი მეტოქედ, ჩრდილოეთ მაკედონიას თუ კოსოვოს და ვუპასუხე, რომ ახლა ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე კორონავირუსია, სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია.

რა თქმა უნდა, კვარაცხელიასა და შენგელიას გამოკლების შემდეგ ვფიქრობთ მათ შემცვლელებზე. ჩვენ გვყავს ბევრი შემტევი ფეხბურთელი, მაგალითად, დებიუტანტი მიქელთაძე. პაპუნაშვილს რაც შეეხება, ის 2 წლის წინ ტრავმის მიღებამდე ძალიან კარგ ფორმაში იყო. ახლა მისი სათამაშო დრო კლუბში ლიმიტირებულია, მაგრამ ის არის კონკრეტული მომენტის მოთამაშე და უახლოეს მატჩებში მას აუცილებლად გამოვიყენებთ.

გასულ თვეებში ჩრდილოეთ მაკედონიას ორჯერ დავუპირისპირდით და ორჯერვე განსხვავებული ტაქტიკით ითამაშეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი გოლით მეტის გატანა გამარჯვებისთვის საკმარისი იქნება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს იქნება ემოციური თამაში, რადგან მატჩამდე ემოციური ფონი ძალიან მაღალია. მჯერა, რომ თამაშის შემდეგ ყველანი ერთად გავიხარებთ“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.