მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმირ ვაისი: სამწუხაროდ, ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ

საქართველოს ნაკრების თავკაცი
1602739917
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. სკოპიეში, ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე, გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ განვლილი შეხვედრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა.

"ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლოს 10 ფეხბურთელით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ვთვლი, რომ პენალტის ეპიზოდში დარღვევა არ ყოფილა. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც მატჩს ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებდით. ძალიან ემოციური მატჩი გამოდგა და სამწუხაროდ, ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ.

ერთ თვეში კვლავ დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ამჯერად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. დღევანდელი ფრედ დასრულებული შედეგით ჯგუფში ლიდერობის კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. თუმცა არაუშავს, წინ ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ნოემბრის მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ.

დღეს ჩრდილოეთ მაკედონიამ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩვენც დაგვაკლდა.

მატჩის სტარტზე კიტეიშვილის შეცვლა მოგვიწია. ამ ცვლილებამ ჩვენი გეგმები ნაწილობრივ შეცვალა.

ვნახოთ, რა იქნება ერთ თვეში, შანსები 50/50-ზეა. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა გულშემატკივარი ამ შეხვედრას. მოედანზე ორივე მხრიდან 11 ფეხბურთელი გამოვა და ვნახოთ, ვინ იქნება ბედნიერი 12 ნოემბერს." - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

​საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას თბილისში გამართავს. 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.