მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 დეკემბრის მიმოხილვა

დღის მიმოხილვა, 2 დეკემბერი 2020 წ.

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 2 დეკემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

 

🛑 ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 033 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

🛑 იუსტიციის სახლის განმარტება 25 ლარიან ვაუჩერთან დაკავშირებით

იუსტიციის სახლი ერთ-ერთი სოციალური პროექტის წინააღმდეგ არსებულ ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით. განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახორციელებს პროექტს „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მშობლებს დაბადების მოწმობასთან ერთად, რომელიც ახალშობილის პირველი დოკუმენტია, იუსტიციის სახლიდან საჩუქრად ატანენ სხვადასხვა ნივთებს და ფულად ვაუჩერს.

🛑 Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც კომპანია Pfizer-ის მიერ არის წარმოებული, ოფიციალურად დარეგისტრირდა. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაცია მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

🛑 საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება იწყება - დღეიდან პირველ თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

🛑 ზეწოლა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს ოჯახზე

„სამწუხაროდ, მინდა პირადი განცხადება გავაკეთო ჩემს ოჯახთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მის ოჯახზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტების მხრიდან გარკვეული „თავდასხმა“ ხორციელდება.

🛑 სტაციონარში შესულ ყველა პაციენტს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდება - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება აქტიურად მოხდება.

🛑 შსს-მ ასლან ვაშაყმაძე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასლან ვაშაყმაძე ხალხს სამართალდამცველების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს.

🛑 100-მდე გადადებული საქმე - საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო. განცხადება საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე ვრცელდება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე (აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს), არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მრავალ საქმეზე დანიშნული დისტანციური პროცესებით ტექნიკურ-სისტემური კოლაფსი და თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოს ამ რეკომენდაციის სრულყოფილად შესრულება, მართლმსაჯულების ეფექტიანად, მათ შორის - ტექნიკური თვალსაზრისით დაუბრკოლებლად განხორციელება ყველა კატეგორიის საქმეზე“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

🛑 ავარია სუფსაში - გარდაცვილია საშუალო ასაკის მამაკაცი

სუფსაში ავარიას საშუალო ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საღამოს 7-დან 8-ის ნახევრამდე. ავარიაში ფიგურირებს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა. გარდაცვლილია მიკროავტობუსის მგზავრი, საშუალო ასაკის მამაკაცი“, - აცხადებენ შსს-ში.

🛑 პრეზიდენტი: ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო, მისნაირი ადამიანი პოლიტიკაში არც ისე ხშირია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

🛑 300 ლარიანი დახმარება - როგორ უნდა მოიქცეთ კომპენსაციის მისაღებად?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები იმ შემთხვევაში, რომ მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება.

იხილეთ ვრცლად.