მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი ფრაქციის შექმნა, უკრაინის პრემიერის ვიზიტი, 7 თეთრით გამყარებული ლარი - 3 ივნისის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ოპოზიცია პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის, რომელიც 7 დეპუტატისგან იქნება შემდგარი, - ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები იქნებიან: „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია, გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძე, „რესპუბლიკური პარტიიდან“ ხათუნა სამნიძე, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქციის სახელწოდება „შარლ მიშელის რეფორმების გუნდი“ იქნება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს.

„მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პირობები შეასრულოს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უკვე არსებობს ერთი ოპოზიციური ფრაქცია, რომელიც პარტია „ლელომ“ შექმნა.

დღის პერსონა

„ჩვენი პოზიციები, ქმედებები და ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს ასოცირებული ტრიო, რომელიც ერთის მხრივ, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებსა და მათ ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები და მეორეს მხრივ, იძლევა საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად მოვემზადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის, კერძოდ ეს არის რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან უფრო დიდი ყურადღების გამახვილება“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.

ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარების და ასევე დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან უკრაინის მიერ ინიცირებული ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ნახევარკუნძულის დეოკუპაციაზე.

ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბატონ პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების დროს მე დავადასტურე, რომ უკრაინა თანაავტორის სახით შეუერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო ფორმირებების გაყვანას და ასევე საქართველოს ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსს,“- აღნიშნა დენის შმიგალმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 3 ივნისს დაიწყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ

დღის ფრაზები

პაატა იმნაძე:

„როცა რუჯს იღებ, იქ არავინ მოგთხოვს პირბადის გაკეთებას“.

„ტურისტის 23:00 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 თანამოქალაქის დაღუპვას“

ზურაბ ჯაფარიძე:

„ჩემი დახმარება იყო ტექნიკური და ამის უკან სხვა არაფერი არ მოიაზრება“

დღის კარგი ამბავი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1524 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.2228 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 7.04 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8425 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9238 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 8.13 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3654 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4723 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 4 ივნისიდან შევა ძალაში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ლარი გამყარებას განაგრძობს, „ბლუმბერგში“ 1 აშშ დოლარის კურსი 3.1547 ლარია

👉 სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განხორციელდება

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4853 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,95%, ბოლო 14 დღის - 3,16%, ბოლო 7 დღის - 2,91%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„ეს არის გამოძახილი იმ პიკისა რაც იყო მაისის დასაწყისში“

ჯანმო: ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება

რამდენად საშიშია ვირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?

დღის უცხოური ამბავი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯოი ბაიდენმა 4 ივლისამდე პერიოდს „მოქმედების თვე“ უწოდა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღემდე ამერიკელების 70% ვაქცინირებული უნდა იყოს. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.

ბაიდენის განცხადებით, ამის შემდეგ შეერთებულ შტატებში „თავისუფლების ზაფხული“ დადგება. მან მოსახლეობას ვაქცინაციის საკითხში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

თავის მიმართვაში პრეზიდენტმა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აშშ-ის სხვადასხვა შტატში გაემგზავრება და ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის.

„ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში ჩვენ გველის ზაფხული, რომელიც შარშანდელი ზაფხულისგან კარდინალურად განსხვავებული იქნება. ეს იქნება თავისუფლების, სიხარულის, დღესასწაულების და შეკრებების ზაფხული. ამას იმსახურებენ ამერიკელები. ჩვენ ადამიანებს თეთრ სახლშიც კი მივიწვევთ, რათა დამოუკიდებლობის დღე ერთად აღვნიშნოთ“ - განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამჟამად შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 52%-ია ვაქცინირებული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის სტიმულირება დამქირავებლისთვის შეღავათებს, ვაქცინაციის დროს ანაზღაურებად შვებულებას, ბავშვთა უფასო მოვლას, ასევე ვაქცინაციაზე უფასო მიყვანას და უკან წაყვანას ითვალისწინებს.

დღის ფოტო

ჩვენი დათუჩა ხეზე აძრომაში ვარჯიშობს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

დღის ვიდეო

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონიალი საქართველოში.