მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში დაკავებულების სასამართლო, სააკაშვილის პასუხი ღარიბაშვილს, ავარია ჩაქვის გვირაბთან - 11 ოქტომბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულ სამ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განმარტებით, ბინის მესაკუთრეს, რომელიც რემონტს აწარმოებდა, ნებართვა მხოლოდ გარე ფასადის სამუშაოებზე ჰქონდა მიღებული და კორპუსის შიგნით მოქალაქეებმა სამუშაოები თვითნებურად აწარმოვეს.

ამავდროულად, პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა ჩამონგრევის საფრთხის შესახებ რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს, თუმცა არც ერთ პირს და საჯარო უწყებას არ მიაწოდეს ინფორმაცია.

„დილით რომ მივიდნენ უკვე შენიშნეს, რომ არ იღებოდა კორპუსის სადარბაზოს კარი, რადგან შენობას უკვე ჰქონდა დაწყებული დაწევა. ნაცვლად იმისა, რომ ამის შესახებ საჯარო უწყებებისთვის ან მეზობლებისთვის ეთქვათ, რასაც შეეძლო ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინა, წავიდნენ და რკინის კონსტრუქციები მოიტანეს გასამაგრებლად“, - აღნიშნა პროკურორმა.

⏩ „მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

⏩ „დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

⏩ „შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

დღის პერსონა

„ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება “ - სააკაშვილი

„ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე. ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

სააკაშვილის მორიგი განცხადება მასთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს წაუკითხა.

სააკაშვილის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოპოვება.

„მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს არჩევნებს. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია.

ქვეყანა ბევრი მეთოდით უნდა შევცვალოთ და მათ შორის, უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე. ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - აცხადებს სააკაშვილი.

დღის ფრაზები

მეუფე ნიკოლოზი:

„პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს“

ირაკლი ღარიბაშვილი:

„როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს“

თაკო ჩარკვიანი:

„ახლა თუ მიხვდა ზოგიერთი დუპლეტი და დუპლეტკა, რატომ უნდა გვეჩქარა“

ირაკლი ღარიბაშვილი:

„როგორც პრემიერ-მინისტრი არ ვწყვეტ სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არა“

მიხეილ სააკაშვილი:

„ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია“

დღის კარგი ამბავი

„საკვებთან დაკავშირებული სურვილი გაუჩნდა“ - ექიმი ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილ კაცზე

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი მედეა ქაჯაია ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის დრო ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა კაცის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ თავდგირიძის სასიცოცხლო ფუნქციები სტაბილურია.

ექიმის თქმით, თავდგირიძის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩება.

„პაციენტი არის გონზე, კონტაქტურია, ასრულებს ყველა დავალებებს. დღეს გაუჩნდა სურვილები საკვებთან დაკავშირებით, უკეთეს ხასიათზეა. დღეისთვის ანალიზებშიც გვაქვს სიმშვიდე“, - აღნიშნა ექიმმა „რუსთავი 2“ -თან საუბარში და დასძინა, რომ პაციენტთან სისტემატურად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები.

დღის ცუდი ამბავი

ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე, დაბა ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი ამოტრიალდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მომხდარის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიისას დაზიანდა 4 ავტომობილი.

დღის უცხოური ამბავი

კოვიდპასპორტის დაწესების პროტესტი იტალიაში - დაკავებულია ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერები

იტალიის დედაქალაქში, 10 ოქტომბერს მომხდარი არეულობის გამო, ადგილობრივმა პოლიციამ 12 პირი დააკავა.

საინფორმაციო სააგენტო reuters-ის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ულტრამემარჯვენე პარტიის „ახალი ძალის“ ლიდერები.

რომში, ათასობით ადამიანმა ყველა დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტის დაწესება გააპროტესტეს და ქალაქის სხვადასხვა რაიონებში საპროტესტო აქციები გამართეს. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობისა და შეტაკებების დროს 38 ადამიანი დაშავდა.

დღის ფოტო

ე.წ. გლოვის კუთხე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე

დღის ვიდეო

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა