მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვების გამოყვანა პანსიონატიდან, შუქრუთელების გამწვავებული პროტესტი, დაჭრა ქუთაისში - 4 ივნისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, პანსიონში ერთ ოთახში 9 ბენეფიციარზე მეტი იყო. მათივე თქმით, ბოლო ვიზიტის დროს არაერთი დარღვევა გამოიკვეთა.

„ჩვენ ვამოწმებთ წელიწადში ერთხელ. კანონით გვაქვს მინიჭებული დაწესებულების სალიცენზიო პირობების შემოწმების უფლება. ერთ ოთახში იყო 9 ბენეფიციარზე მეტი, არ ხდებოდა 12 თვეში ერთხელ ბავშვების 12-დღიანი აგარაკზე გაყვანა ხდებოდა.
ასევე, მენიუში არ იყო სამ კომპონენტიანი სადილი. ეს დარღვევები იყო“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ტარიელ კაშიამ.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

⏯ 6-მა არასრულწლოვანმა ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი გამოთქვა

⏯ „ბავშვმა დაასახელა, რომ აღმზრდელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა“ - სახელმწიფოს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი

⏯„როდესაც ბიოლოგიური ოჯახის ყოლა შეუძლებელია, ალტერნატივა უნდა არსებობდეს“ - UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინოწმინდის პანსიონზე

დღის პერსონა

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. მისი განცხადებით, არ ეთანხმება პარტიის კურსს, რაც პარლამენტში ფრაქციის შექმნას გულისხმობს.

მისი თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს და მუშაობას მეცნიერებაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა ასევე თამარ კორძაიამ. მას პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი ექნება.

დღის ფრაზები

შუქრუთელი გიორგი ნეფარიძე:

ამერიკის საელჩოს წინ ან დავიხოცებით, ან რეალურად პრობლემა გადაიჭრება.

შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოზე:

იცხოვრონ წყალზე, ღვინოსა და ხმელ პურზე.

მიხეილ სარჯველაძე:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება.

დღის კარგი ამბავი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0791 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1524 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 7.33 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7276 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8425 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 11.49 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 5 ივნისიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ერთი პირი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19,108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დღის უცხოური ამბავი

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკვები პროდუქტების ფასები რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

კერძოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროდუქტებზე ფასები 39,7%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ.

გაეროს სასურსათო პროდუქტების ორგანიზაცია (FAO) მარცვლეულზე, ზეთზე, რძის პროდუქტებზე და შაქარზე ფასებს 10 წელს მეტ ხანს აკვირდება.

ფასების ზრდა მოთხოვნილების აღდგენის გამო ხდება, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არსებული შეზღუდვების გამო სხვადასხვა პროდუქტების წარმოება არასათანადო რაოდენობით ხდება.

პრობლემებს, ძირითადად, ქვეყნებს შორის გადაადგილების მხრივ არსებული შეზღუდვები ქმნის.

დღის ფოტო

ბუს ბარტყი დიდი და გაკვირვებული თვალებით უყურებს თავის მხსნელს.

დღის ვიდეო

სერბეთში, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა.