მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაპირისპირება მელიასა და კობახიძეს შორის, გაუფასურებული ლარი და განახლებული ფრენები - 23 სექტემბრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ევროკავშირის ოფისის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მელიასა და კობახიძის დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ჩვენი აქტივისტი მართლა ჩვენ დავჭერით? უსინდისოები ხართ და 2 ოქტომბერს მიიღებთ შესაბამის პასუხს, შე ბიძინა ივანიშვილის მონავ“, - თქვა მელიამ და კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირება რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობითი ოფისის ტერიტორია დატოვა.

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრები იმართება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“

👉 ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

👉 „ყველანი არჩევნებზე, ყველანი რეფერენდუმზე 2 ოქტომბერს“ - ნიკა მელია

დღის პერსონა
კარპოვი გაფრინდაშვილის სარჩელზე - არ მესმის, როგორ დაუშვა კასპაროვმა ასეთი შეცდომა

ჭადრაკში მსოფლიოს მე-12 ჩემპიონმა ანატოლი კარპოვმა ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კომენტარი გააკეთა და ქართველ გროსმეისტერს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ eurosport.ru იუწყება.

„არ მესმის, როგორ დაუშვა ასეთი შეცდომა გარი კასპაროვმა, რომელიც ამ ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, მას რამეს არ აჩვენებდნენ და არ ეკითხებოდნენ. მან მშვენივრად იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილი საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი გახდა გროსმეისტერი როგორც ქალთა, ასევე, კაცთა შორის. კაცებში გროსმეისტერის წოდების მიღება მას მხოლოდ კაცების ტურნირებში მონაწილეობის გამო შეეძლო. ასე რომ ამ მხრივ მისი სარჩელი სრულიად სამართლიანია“, - ამბობს ანატოლი კარპოვი.

რაც შეეხება სარჩელის იმ ნაწილს, სადაც ნონა გაფრინდაშვილი აპროტესტებს, რომ მას რუსი მოჭადრაკე უწოდეს, კარპოვი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არა რუსი, არამედ საბჭოთა მოჭადრაკე იყო.

„რა თქმა უნდა, ფილმში უნდა ეთქვათ, რომ ის საბჭოთა მოჭადრაკე იყო, მაშინ არანაირი კითხვა არ გაჩნდებოდა. ხოლო „რუსი მოჭადრაკე“ უკვე ეროვნებას გულისხმობს. ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა საქართველოში, ის ქართველია და ამით ამაყობს. მას ვერანაირად ვერ უწოდებ რუს მოჭადრაკეს და ასე არც უწოდებდნენ არასოდეს. უწოდებდნენ „საბჭოთა მოჭადრაკეს“, „საქართველოს წარმომადგენელს“ ან „ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს“, - ამბობს ანატოლი კარპოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა

👉 „ბრძოლა რთული იქნება, თუმცა გავიმარჯვებთ“ - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი

დღის ფრაზები

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე:

„პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“.

ნინო ბურჯანაძე:

„მამა ღმერთი არ ჩამოვა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად - როგორ არავინ არ მოგწონთ?“ .

მამუკა მდინარაძე:

„კრიმინალ ნიკა მელიას წისქვილზე დაასხამს წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება“.

პაატა იმნაძე:

„როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა გვექნება“ .

სტეფან ბანსელი:

„კორონავირუსის პანდემია შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს“.

დღის კარგი ამბავი
აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა - ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისი აღდგება. ავიაკომპანია „ვიზეართან“ გამართული წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის, გარდა ამისა, „ვიზეარმა“, ასევე, განაახლა ფრენები ევროპის ორი სხვა ქალაქის - ვენისა და ბერლინის მიმართულებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 16 დეკემბრიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. საუბარია ქუთაისი - აბუ-დაბის რეისზე, რომელიც კვირაში 2 სიხშირით შესრულდება.

„ვიზეარის“ ახალ რეისებსა და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ვიზეარის“ კომუნიკაციების დირექტორ ანდრაშ რადოსთან. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მხარესთან ავიაკომპანია „ვიზეარის“ სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის მოადგილე მიესალმა ახალი მიმართულებების დანიშვნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, აგრეთვე ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნებას.

„ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ავიაციის სწრაფ აღდგენასა და მდგრად განვითარებას. რაც ყველაზე მისასალმებელია, საქართველო განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას სათავო ოფისში, ისევე როგორც ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ვიზეარს“ საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონას, ხოლო 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება.

რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენის მიმართულებით კი რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.

დღის ცუდი ამბავი
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 3.1179 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.24 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6551 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 24 სექტემბრიდან შევა ძალაში.

დღის უცხოური ამბავი
სომხეთში აუცრელი პირებისთვის ჯარიმები წესდება

იმ პირებისთვის, ვისაც სომხეთში ვაქცინაცია არ ჩაუტარებია, ყოველ 14 დღეში ერთხელ ტესტის გაკეთება მოუწევთ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

როგორც სანიტარიულ-ჰიგიენური სამმართველოს უფროსმა ანა არუთუნიანმა განაცხადა, რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 10-დან 20 ათას დრამამდე (64-128 ლარი), ხოლო ფიზიკური პირი 40-120 ათასი დრამით, (256-768 ლარით) დაჯარიმდება.

შრომის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი არუთუნიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შრომით კოდექსში არ არის პუნქტი, რომლის მიხედვით უფროსს სამსახურიდან თანამშრომლის გათავისუფლება შეუძლია, მაგრამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ თანამშრომელი ვაქცინირებული არ არის ან მას ტესტი არა აქვს ჩატარებული, დამსაქმებელს ასეთი პირის სამსახურიდან გათავისუფლების უფლება ექნება.

1-ლი ოქტომბრიდან სომხეთში მთელი რიგი სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლებს, მაღაზიებში, მშენებლობაზე, საზოგადოებრივი კვების, სილამაზის სალონებში და სხვა ობიექტებზე დასაქმებულ პირებს ყოველ 14 დღეში PCR ტესტის უარყოფით პასუხს ან ვაქცინაციის ცნობას მოსთხოვენ. ეს წესი არ შეეხება ორსულებს და იმ პირებს, ვისთვისაც ვაქცინაცია ჯანმრთელობის პრობლემების გამო აკრძალულია.

სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით 129 000 ადამიანია ვაქცინირებული. ქვეყანაში - CoronaVac, Sinofarm, AstraZeneka და Sputnik V-ს ვაქცინები გამოიყენება. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსისგან 5200 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ფოტო

ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საქართველო📸News Agency ExpressNews

დღის ვიდეო

ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას.