მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამ თუშიშვილის ვერცხლის მედალი, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების დასახელება - 30 ივლისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების სია ცნობილია

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები რეგიონების მიხედვით უკვე ცნობილია. გადაწყვეტილება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მმართველი გუნდის კანდიდატების სია იხილეთ ბმულზე: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების სია

იხილეთ აგრეთვე:

✔️გორის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი დაასახელა

✔️ცაგერში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე იქნება

დღის პერსონა

გურამ თუშიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს (100+ კგ) ფინალში, გურამ თუშიშვილი ჩეხ ლუკას კრპალეკს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

ეს საქართველოსთვის ოლიმპიადაზე მესამე ვერცხლის მედალია, ჩვენს ნაკრებს ჯამში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული.

ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან შეხვედრით დაიწყო და ორი ვაზარით, შესაბამისად, ავასატე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მეორე შეხვედრაში გურამმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა, რომელმაც სამი შიდო მიიღო და ბრძოლიდან მოიხსნა. ნახევარფინალში თუშიშვილი რუს ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა.

დღეს დაფიქსირდა სენსაციაც ოლიმპიადაზე, ოლიმპიური თამაშების ორგზის ოქროს მედლის მფლობელი, 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი და 3-გზის ევროპის ჩემპიონი ტედი რინერი ტამერლან ბაშაევმა დაამარცხა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დრომდე 3 მედალი იყო - ლაშა ბექაურმა ოქრო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

დღის ფრაზები

ირაკლი კობახიძე:

„თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს არა“

გიორგი გახარია:

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, მმართველ პარტიას დაეხმარება ჯერ ერთი და მეორე, დღეს ის არის მსჯავრდადებული და იქნება დაკავებული“

თამარ გაბუნია:

„პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება“

ამირან გამყრელიძე:

„საქართველო ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ფაიზერის“ 168 000 დოზას მიიღებს“

ჯო ბაიდენი:

„ვინც სრულად ვაქცინირდება აშშ-ში 100 დოლარს გადაუხდიან“

იაგო ხვიჩია:

„ღმერთმა ქნას, „ქართულ ოცნებას“ კოალიციისთვის ჩვენ დავჭირდეთ“

ზურაბ ჯაფარიძე:

„სპორტსმენების დიდი ნაწილი მთავრობის დასაყრდენი დამრტყმელი ძალა ხდება“

დღის კარგი ამბავი

ფაიზერის ვაქცინის 168 000 დოზას საქართველო ხვალ მიიღებს

საქართველო ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფაიზერის 168 000 დოზას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კოვიდვაქცინების დეფიციტი არ არის და დაახლოებით 2 მილიონამდე ვაქცინაა.

„დღეს ქვეყანაში 4 ვაქცინის 2 მილიონამდე დოზაა: „ფაიზერი“, ასტრაზენეკა, „სინოფარმი“, სინოვაკი. სერიოზული მარაგია შექმნილი, რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას. მასობრივ აცრაზე გადის დღეს ეპიდემიის დაძლევის გზა“, - აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში უკვე აქტიურად ცირკულირებს კოვიდ 19-ის ე.წ. ინდური შტამი.

„40-დან და 50% ქვეყანაში ინდური შტამი ცირკულირებს“, - დასძინა გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ვაქცინის შეცვლა შეეძლება პირს, რომელსაც პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა განუვითარდება“ - ივანე ჩხაიძე

✔️ფაიზერით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი

დღის ცუდი ამბავი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ერთმანეთს 2 სატვირთო მანქანა შეეჯახა. ერთი სატვირთოს მანქანის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, მეორე სატვირთო მანქანის მძღოლი კლინიკაშია და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

როგორც, სამედიცინო პერსონალი აცხადებს, კლინიკაში შეყვანილი 2 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, გატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას კვლევები უტარდება.

როგორც PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის უცხოური ამბავი

მერკელი და პუტინი ტელეფონით საუბრისას ხშირად ჩხუბობდნენ - გერმანელი ისტორიკოსი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კრიზისი გამო სატელეფონო საუბრების დროს ხშირად ჩხუბობდნენ. ამის შესახებ გერმანელი ისტორიკოსი რალფ ბოლმანი საკუთარ წიგნში წერს. ინფორმაციას Lenta.ru ავრცელებს.

მისი თქმით, მოლაპარაკება უფრო დუელს ჰგავდა. „ისინი ხშირად ერთმანეთს უყვიროდნენ. ერთმანეთს იმას ეუბნებოდნენ, რასაც ფიქრობდნენ“ - წერს ბოლმანი. ისტორიკოსის განცხადებით, მერკელს პუტინთან მოლაპარაკებაზე მოსკოვში ჩასვლა არ სურდა, რათა რუსეთის პრეზიდენტს ის არ დაემცირებინა. ამიტომ ის პუტინს ძალზე ხშირად ურეკავდა.

ბოლმანი ამბობს, რომ მერკელს და პუტინს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გამწვავდა. რალფ ბოლმანმა ანგელა მერკელზე ბიოგრაფიული წიგნი დაწერა. ძირითადი ყურადღება წიგნში გერმანიის კანცლერის პოსტზე მერკელის წლებს ეთმობა.

დღის ფოტო

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს (100+ კგ) ფინალში, გურამ თუშიშვილი ჩეხ ლუკას კრპალეკს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა

ეს საქართველოსთვის ოლიმპიადაზე მესამე ვერცხლის მედალია, ჩვენს ნაკრებს ჯამში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული.

დღის ვიდეო

თუშიშვილის ულამაზესი გდებები ბაშაევის წინააღმდეგ