მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერს, ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია - 16 აპრილის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება და ის ხელისუფლებამ საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნდობის განმტკიცებისთვის მიიღო.

„გადაწყვეტილება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით მივიღეთ საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა „ქართული ოცნების“ მიზეზით ხელიდან გაშვებული“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, დოკუმენტზე ხელმოწერასთან ერთად „ქართული ოცნება“ მზადაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი აამოქმედოს.

იხილეთ აგრეთვე:

✅20 ივნისის აქციასთან დაკავშირებული ამნისტია, პროპორციული არჩევნები - რა პუნქტებზე აწერს ხელს მმართველი გუნდი?

✅„თუ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს, მზად ვართ ოპოზიციის მოთხოვნები განვიხილოთ“ - თალაკვაძე

✅„ოპოზიცია რჩება მარტო, შეიძლება გაკოტრდეს პოლიტიკურად“ - ვახტანგ ძაბირაძე

✅„ლაი-ლაია და მეტი არაფერი“ - გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

დღის პერსონა16 აპრილს, დაახლოებით, 13:00 საათზე თბილისში, ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელი შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი პირი პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული.

დაახლოებით, ორსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დააკავეს.

დაკავებული ზუგდიდის მკვიდრი, 28 წლის ნიკა წურწუმიაა.

დღის ფრაზები

ვახტანგ ძაბირაძე:

„ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა ის მოთხოვნები თუ თხოვნები, რასაც აღიარებს ევროკავშირი, ანუ გაათავისუფლებენ პატიმრებს და ალბათ ნიკა მელიას.“

გია ხუხაშვილი:

„ოპოზიციას თუ უნდოდა ხელს მაშინვე მოაწერდა, მაშინ არ მოუწერია და ახლა რატომ უნდა მოაწეროს ხელი?“

გია ვოლსკი:

„ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები არის ორჯერ, თუ მეტჯერ შემცირებული“

ვახო მეგრელიშვილი:

საუბრის დასაწყებად მივდივართ ორშაბათს პარლამენტის შენობაში“

თამარ გაბუნია:

„დღეის მდგომარეობით, 4500-მდე საწოლია მობილიზებული, აქედან, 2500-ზე მეტი უკვე დაკავებულია. თუ ასეთი ტენდენციებით გაგრძელდა შემთხვევების მატება, მეტი იქნება საჭირო და ამაზე საუბარი მიდის“

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3916 პაციენტი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 293 321-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა ჯამური რიცხვი კი 279 831-ია.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 3,4%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,04%-ია.

დღის კარგი ამბავი

ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად დამატებით სოციალურ პროგრამები განხორციელდება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ბავშვთა სიღარიბის დაძლევის, კონკრეტული პროგრამის შემუშავების და მისი განხორციელების გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა კომიტეტის წევრების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლების მონაწილეობით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში 2009 წლიდან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 13%-დან 6.2%-მდე შემცირდა. 2015 წელს 3%-იც კი იყო. მაგრამ კოვიდ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაც ვარდნას განიცდის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ბიუჯეტზე, შესაბამისად ბავშვების წინაშე არსებული რისკები შემცირების ნაცვლად იზრდება და ისინი უფრო მეტად დგებიან სიღარიბის საფრთხის წინაშე.

შესაბამისად, კონკრეტული ოჯახების, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე კიდევ უფრო გამწვავდეს, ამიტომ, საჭირო გახდა კონკრეტული პროგრამების რაც შეიძლება სწრაფად შემუშავება, რათა კიდევ უფრო მეტი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ მოზარდები.

სწორედ ამ მიზნით, დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძისა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის, ღასან ხალილის შეხვედრა, რომელიც გასულ კვირას შედგა. მაშინ დაიგეგმა სწორედ ფორსირებული მუშაობის აუცილებლობა კონკრეტული სოციალური პროგრამების შესამუშავებლად, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბავშვთა სიღარიბის შეჩერებას და შემდეგში მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

„ქვეყანაში სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება, მით უმეტეს ბავშვთა სიღარიბე. მიუხედავად იმისა, რომ 2009-2010 წლების შემდეგ დინამიკა ქვეყანაში სიღარიბის კუთხით არის პოზიტიური, ანუ მცირდება დინამიკა და ყველაზე უკეთესი შედეგი იყო 2015 წელს.

ამის შემდეგ იმ პერიოდისათვის ეკონომიკური კრიზისის და ინფლაციის ფონზე კიდევ დაიწყო გაუარესება. ამას, რა თქმა უნდა, ემატება კოვიდ ინფექცია, რამაც თითოეული ოჯახის შინა მეურნეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და ბავშვები სიღარიბეში ცხოვრების მომატებული რისკის წინაშე დადგნენ.

ამიტომ, გარდა იმ პროგრამებისა, რასაც აქამდე სახელმწიფო ახორციელებს, დამატებით 700 მილიონ ლარზე მეტის სხვა სოციალური პროგრამები განახორციელა, რამაც რა თქმა უნდა, სიმწვავე შეამსუბუქა, მაგრამ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება და რადგან კოვიდ ინფექცია ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში ამყოფებს მთელ მსოფლიოს, სავარაუდოდ, შესაძლოა სიღარიბე კიდევ უფრო მეტ პრობლემად იქცეს.

ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში მივიღოთ გადაწყვეტილებები, დავამუშაოთ კიდევ დამატებითი სოციალური პროგრამები, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაშიც, რომ ბავშვები ვიხსნათ სიღარიბისგან“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, იუნისეფის, სამინისტროს და კომიტეტის წევრების მონაწილეობით დღეს მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა უმოკლეს დროში განსახორციელებელ გეგმებზე შეთანხმდნენ.

„დღევანდელი შეხვედრა მეტ კონკრეტიკას ეხებოდა. დავგეგმეთ და გავინაწილეთ ფუნქციები, თუ რომელი უწყება რა მიმართულებით აიღებს ვალდებულებას, მაგალითად იუნისეფი აქტიურად იმუშავებს გადაწყვეტილების სავარაუდო ეფექტურობის ანალიზზე და შესაბამისი ინდიკატორებით მის გაზომვაზე.

მიზნობრივი კვლევები იქნება ძალიან სასარგებლო, თუ ინტერვენციები რომელი მიმართულებით იქნება უფრო ეფექტური.

ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს სავარაუდო პროგრამების მოდელირებას და მის სავარაუდო ფინანსურ რესურსებს გათვლის, მოახდენს უკვე არსებული კვების ვაუჩერის ინდექსაციას და შესაძლებლობების გაზომვას. ეს საკითხები დაგვეხმარება კონკრეტული გადაწყვეტილებების რაც შეიძლება დროულად მიღებაში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის უცხოური ამბავი

ირანმა ურანის რეკორდულ დონემდე გამდიდრება დაიწყო

ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ თეირანმა ურანის რეკორდულად მაღალ დონემდე, 60%-მდე გამდიდრება დაიწყო. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

„ამჟამად ჩვენ საათში გამდიდრებული ურანის 9 გრამს ვიღებთ“ - განაცხადა სალეჰიმ. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ინფორმაციით, ურანის გამდიდრება ნათანზის ობიექტზე მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე დღის წინ სერიოზული ავარია მოხდა. თეირანმა ობიექტზე ელექტროენერგიის გათიშვაში ისრაელის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ 60 %-იანი ურანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად საკმარისი არ არის, თუმცა ეს ქვეყნის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებას გაართულებს.

თეირანის ინფორმაციით, გამდიდრებული ურანი სამედიცინო სფეროში იქნება გამოყენებული. ევროკავშირის ექსპერტები აცხადებენ, რომ თეირანს ამისთვის 60%-იანი ურანი არ სჭირდება და ირანის ეს გადაწყვეტილება ნათანზის ტერაქტზე პასუხია. ასევე თეირანი მას ვენაში ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.

თეირანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ატომური იარაღის შექმნა არ იგეგმება.

დღის ფოტო

მოხდენილი წვერითა და ცამდე აზიდული რქებით - თქვენს წინაშეა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მშვენება, ნიამორი.

დღის ვიდეო

ერთ-ერთ ტელევიზიაში „ვეფხისტყაოსნის“ განხილვა მიმდინარეობს, რაც საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელებში.