მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კენჭისყრები პარლამენტში, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრა, სამშენებლო ამნისტიის დამტკიცება - 11 ივნისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

პარლამენტში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენის კენჭისყრაზე ჩავარდა.

კანონპროექტს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 61 დეპუტატი წავიდა.

ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან ისინი მათი გუნდის კანონპროექტის მომხრეები არიან.

მხარეებისთვის სადავო საკითხად რჩება ჩანაწერი, რომელიც ამნისტიაზე თანხმობას ეხება.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ორი კანონპროექტი იყო დარეგისტრირებული.

პარლამენტში ორი მოსმენით უკვე მიღებულია „ქართული ოცნების“ კანონპროექტი.

დღის პერსონა

„თბილისის შენობა-ნაგებობების 10% ინგრევა. მშენებლებს მივმართავ, თქვენ არაფერ გერჩით, უნდა ავაშენოთ. უნდა აშენდეს, განახლდეს და მივეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც საფრთხეს უქმნის მესამე კატეგორიის სახლები, ძველ უბნებს ეხება განსაკუთრებით.

იქ კიბიდან კიბეზე, სართულიდან სართულზე ასვლა არის საშიში. მერე სირცხვილით სად ვთქვათ, ისტორიულმა სახლმა ბავშვი ან კაცი მომიკლაო. ეს როგორ უნდა ვაკადროთ წარსულს, წარსულმა შთამომავალი მომიკლაო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში ახალი შენობების აშენება აუცილებელია, მაგრამ ეს კანონიერად უნდა გაკეთდეს.

„მაგრამ მეორე საკითხია როგორ უნდა ავაშენოთ და ამ პოლიტიკური თემით არ დავსვაროთ ეს საკითხი. უნდა ავითვისოთ ყველა მისადაგებელი სივრცე, იმ წესიერი ზნით, რომელიც შთამომავალთან პირნათელს დაგვტოვებს.

„ეხლა რა საკითხს ვეხებით. ჩვენ ვეხებით საკითხს, ქირურგმა ცუდი ოპერაცია გაგიკეთა, მოკვდი პაციენტო, მაგრამ შეარჩინეო“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.

დღის ფრაზები

რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს:

აპირებთ თუ არა კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი?

შალვა ნათელაშვილი:

ძლივს გვეღირსა საარჩევნო კომისიის წევრი და ისიც აღარ გვეყოლება.

ლადო კახაძე:

უნდა განახლდეს თბილისი, სირცხვილით სად ვთქვათ, ისტორიულმა სახლმა ბავშვი მომიკლაო.

კონდოლიზა რაისი:

უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ნატოს წევრები.

დღის კარგი ამბავი

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, 185 დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

დღის ცუდი მაბავი

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, სატვირთო მანქანა ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

დღის უცხოური ამბავი

რუსეთის ფედერაცია ირანისთვის თანამედროვე ჯაშუში თანამგზავრის, Kanopus V-ს მიყიდვას გეგმავს. ამის შესახებ The Washington Post-ზე დაყრდნობით Deutche Welle იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, Kanopus-V მაღალი გარჩევადობის კამერით არის აღჭურვილი. ის ირანის შეიარაღებული ძალების პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

მისი მეშვეობით ირანი ისრაელის ობიექტებისთვის და სპარსეთის ყურეში ამერიკული და ერაყული ჯარების გადაადგილებისთვის ფოტოების გადაღებას შეძლებს. თანამგზავრს რუსეთის ტერიტორიიდან რამდენიმე თვეში გაუშვებენ. ოფიციალურად Kanopus-V სამოქალაქო დანიშნულების თანამგზავრია, მაგრამ მის შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებაში ირანია შეიარაღებულმა ძალების და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

დღის ფოტო

ცუგა პრეზიდენტის სასახლესთან ლიეტუვის პრეზიდენტის დასახვედრად გაშლილ წითელ ხალიჩაზე.

დღის ვიდეო

ხელჩართული ჩხუბი ბოლივიის პარლამენტში