PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
სოციალური დახმარების ახალი ტალღა იწყება.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.
„ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
იხილეთ ვრცლად რა დახმარებას მიიღებთ.
⏩მაჭავარიანი: ძალაში შედის უმუშევრად დარჩენილებისთვის 1200 ლარიანი დახმარება
სერგეი შამბა:
ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება.
ჯო ბაიდენი:
ტრამპი აშშ-ში შიდა ტერორიზმს ხელს უწყობს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი:
აშშ-ში, რომელსაც დემოკრატიის აკვანს უწოდებენ, ეს პროცესი მთელი კაცობრიობისთვის შოკი იყო.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგეს, 1200 ლარიანი დახმარება ძალაში შევა.
მინისტრის განმარტებით, დახმარებას მიიღებენ ის პირები, ვინც 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით 2 თვის განმავლობაში მაინც მუშაობდა და სამსახური დაკარგა დეკემბერში, ან 2021 წლის იანვარში.
„მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზე, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ. იგივე პაკეტი გაგრძელდება 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში. მათ ვინც სამსახური დაკარგეს 2020 წლის დეკემბერში, ან 2021 წლის იანვარ-თებერვალში, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას საქართველოში თებერვალში ელოდებიან.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ COVAX პლატფორმასთან, რომელიც ქვეყნების მხრიდან აუცილებლად ითხოვს ვაქცინასთან დაკავშირებით გეგმის წარდგენას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და COVAX პლატფორმისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს გეგმა.
ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან 12 წლის მოზარდი გადავარდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბოლო გამოკვლევების თანახმად, Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინამ შეიძლება კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმოქმედოს. ინფორმაციას associated press ავრცელებს.
მკვლევარებმა გამოიყენეს 20 ადამიანის სისხლის ნიმუში, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა, რომელიც Pfizer–მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა BioNTech– მა შექმნეს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პირების სისხლში გამომუშავებულმა ანტისხეულებმა წარმატებულად გაუწიეს წინააღმდეგობა კორონავირუსის ორ ახალ შტამს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში ნაპოვნი ვარიანტი - რომელიც ინგლისის დომინანტ ტიპად იქცა - ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ვაქცინების მიმართ. ეს მუტაცია ახლა ნაპოვნია აშშ-სა და სხვა მრავალ ქვეყანაში.
Pfizer–ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა მუშაობს 15 დამატებითი შესაძლო ვირუსის მუტაციის წინააღმდეგაც.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
ხანძრის შედეგად, გაგრის რეგიონში დაახლოებით ექვსი ჰექტარ ფართობზე გამხმარი ხეები და ტყის ქვედა საფარი დაიწვა.
ხანძარი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.
პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.
შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.
მიკრობლოგების სერვერმა Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის ექაუნთი დაბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამენეიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის მუქარად ჩაითვალა. ამის შესახებ www.npr.org იუწყება.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.