მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდ პასპორტის სისტემა ევროპაში, პირველი ხმაურიანი დაპირისპირება მეათე მოწვევის პარლამენტში - 9 ივნისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ნამახვანჰესი“ არსებული პროექტით არ აშენდება“ - პრემიერი

მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ინვესტორთან ერთად მუშაობს, იმისთვის რომ პროექტში ცვლილებები შევიდეს და ჰესი აქამდე არსებული პროექტის მიხედვით არ აშენდეს.

„რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, ეს პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობ იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ ამ პროექტს.

ინვესტორს ველაპარაკებით და დიდი იმედი მაქვს, რომ დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ეს პროექტი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის „ნამახვამჰესის“ მოწინაღდეგებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ნათია თურნავა: „ნამახვანჰესის“ პროექტი მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება

დღის პერსონა

„მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლოს - შემოდგომაზე“- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში შემოდგომაზე შეიძლება იყოს მეოთხე ტალღაც.

მისი თქმით, ახალი ველოსიპედი არ არის, რომ დღეს პირბადეების ტარება აუცილებელია.

„ჩვენთან ორჯერადად აცრილთათვის, ვერ მოხერხდება რეგულაციების შემსუბუქება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარკვეული მაჩვენებელი გვექნება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პანდემიის მე-4 ტალღის ალბათობას ვერავინ გამორიცხავს.

„მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლოს - შემოდგომაზე. ეს დამოკიდებულია რეკომენდაციის დაცვაზე და ასევე ზაფხულში გადამწყვეტი იქნება ვაქცინირებულთა რაოდენობაც.

დღეში დაახლოებით 5-7 ათასი კაცი უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომ მივიღოთ აცრილი პირების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რათა შეიქმნას მოსახლეობაში იმუნური ფენა. ალბათ დაგვჭირდება ვაქცინის მე-3 დოზაც, რომ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას. ვაქცინაზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი გამოუგონია და COVID 19-ის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5 970-მა ადამიანმა გაიკეთა.

9 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 184 718 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 54 474 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✅NCDC „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას ვერ მისცემს - ამირან გამყრელიძე

✅სავაჭრო მოლები, საგამოფენო სივრცეები - სად იქნება მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები?

დღის ფრაზები

ამირან გამყრელიძე:

„ჩვენთან ორჯერადად აცრილთათვის, ჯერ ვერ მოხერხდება რეგულაციების შემსუბუქება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარკვეული მაჩვენებელი გვექნება“

ნიკა მელია:

„შემოვედი იმისთვის, რომ ამ დარბაზიდან სათითაოდ გაგიყვანოთ, ტყვეობიდან ხართ დასახსნელი“

ნათია თურნავა:

„იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თითქმის აღდგენილია“

ირაკლი ღარიბაშვილი:

„არავითარი ცვლილება არ იგეგმება, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან“

გუბაზ სანიკიძე:

„ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული და სიმართლის ველზე დაჭენაობთ“

შალვა პაპუაშვილი:

„ვინც აღმოჩნდა კურდღელი, 18 თებერვალს დავინახეთ“

ლევან ხაბეიშვილი:

„თქვენ ვერ და არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროთ“

კახა კალაძე:

„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის ზოლში გაჩერებული მანქანა დაჯარიმდება“

დღის კარგი ამბავი

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1387 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1471 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.84 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8273 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8316 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3660 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.4500 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 ივნისიდან შევა ძალაში.

დღის ცუდი ამბავი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4982 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -დღიური - 2,13%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,73%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება - გაბუნია

✅„წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება“ - თენგიზ ცერცვაძე

დღის უცხოური ამბავი

ევროკავშირში 1-ლი ივლისიდან კოვიდ პასპორტის სისტემა ამოქმედდება

1-ლი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდ პასპორტის სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.

კოვიდ პასპორტი ან „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში იმოქმედებს. მასში იქნება მითითებული ინფორმაცია ვაქცინაციის, PCR ტესტის, კორონავირუსით ინფიცირების და გამოჯანმრთელების შესახებ.

ერთიანი დოკუმენტის მოქმედების მიზანია შარშანდელი ზაფხულის ქაოსის დაუშვებლობა, როდესაც ევროკავშირის თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი წესები შემოიღო, რამაც პრაქტიკულად შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება გააუქმა.

კოვიდ პასპორტი მის მფლობელს დამატებითი ტესტირებისგან და კარანტინისგან ათავისუფლებს. პასპორტში ევროკავშირის ყველა ქვეყნის მედიკოსებს ელექტრონული ჩანაწერების და ვირტუალური ხელმოწერების შეტანა შეუძლიათ. ყველა ქვეყანა ვალდებული იქნება ამ საბუთში მითითებული ინფორმაცია გაითვალისწინოს.

რეალურად კოვიდ პასპორტს ექნება QR კოდის სახე ტელეფონის უფასო აპლიკაციაში, ასევე იმოქმედებს პასპორტის ამობეჭდილი ვერსიაც.

ევროპელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, კოვიდ პასპორტებში ევროკავშირის მოქალაქეების პირადი მონაცემები დაცული იქნება. არსებული მონაცემების მიმართ წვდომა კი დროებითია, რადგანაც კანონის მოქმედების ვადა ერთი წლით განისაზღვრა.

დოკუმენტში ნებისმიერი ვაქცინის შესახებ ინფორმაცია იქნება მითითებული. ამასთანავე, ადამიანების დაუბრკოლებლად შეშვებას ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ევროკავშირში რეგისტრირებული ოთხი ვაქცინის, Pfizer, AstraZeneca, Moderna და Johnson & Johnson-თ ვაქცინაციის შემთხვევაში ავალდებულებს. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას გადაწყვეტილების მიღების უფლება დამოუკიდებლად აქვს.

ევროკავშირის მაღალჩინსონები იმედოვნებენ, რომ კოვიდ მასპორტის მოქმედება მის არაწევრ, მაგრამ ახლო მეზობელ ქვეყნებზე - შვეიცარიზე, ნორვეგიაზე, ლიხტეინშეინზე და ისლანდიაზე გავრცელდება. მომავალში კი ევროკავშირის კოვიდ პასპორტებს აშშ და დიდი ბრიტანეთიც აღიარებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅აშშ-ში ფარმაცევტი დააპატიმრეს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გააფუჭა

დღის ფოტო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილი

ფოტო ეკუთვნის დაცული ტერიტორიების სააგენტოს.

დღის ვიდეო

პირველი ხმაურიანი დაპირისპირება მეათე მოწვევის პარლამენტში