მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მილიონები, გენიოსები, სისხლიანი დაპირისპირებები... - როგორია ბანკის ძარცვის მსოფლიო გამოცდილება?

ბანკის ძარცვაა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბანკის ძარცვა, ყაჩაღობა დიდი მასშტაბებით, მსხვერპლითა და მძევლებით საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მძარცველები დაუჭერიათ, ასევე ყოფილა სიტუაცია, როცა ისინი დაუსჯელად დარჩენილან და მშვიდად გაუგრძელებიათ ცხოვრება.

დავიწყოთ საქართველოს მაგალითით, სადაც 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა და მათი სიცოცხლის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა.

მოვლენები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თავდამსხმელმა საღამოს საათებში მძევლები გაათავისუფლა, ფული აიღო და 3 ადამიანთან ერთად გაიქცა. საბოლოოდ კი ისინიც გაუშვა და მიიმალა.

ამჟამად შსს საგამოძიებო სამუშაოებს ახორციელებს და გაქცეულ თავდამსხმელს ეძებს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში კვალის არევის მიზნით სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდა.

გთავაზობთ ყველა დროის ყველაზე დიდ ყაჩაღობებს.

გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყაჩაღობის შემთხვევებიდან რამდენიმეს:

⚫ დუნბარის ჯავშანტექნიკის ძარცვა

ყველაზე დიდი ძარცვა აშშ-ის ისტორიაში, რომლის დროსაც 18,9 მილიონი დოლარი მოიპარეს.

ძარცვა 1997 წელს 6 თავდამსხმელის მონაწილეობით მოხდა.

მათი ლიდერი იყო ალენ პეისი, რომელიც უსაფრთხოების ინსპექტორი აღმოჩნდა და დასაქმებული იყო „Dunbar Armored Trucking“ კომპანიაში.

პეისმა დუნბარის დაწესებულებაში უსაფრთხოების კამერები გათიშა და მის 5 ბავშვობის მეგობართან ერთად სარდაფის გაძარცვა დაიწყო. ისინი 2 ადამიანს დაესხნენ თავს და 18,9 მილიონი დოლარის წამოღება შეძლეს.

მათ თითქმის მოახერხეს, რომ ბოლომდე დაეფარათ კვალი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის დაუდევრობით ისტორია ცუდად დასრულდა და საბოლოოდ თავის დაღწევა ვეღარ შეძლეს.

⚫ შეერთებული შტატების, კალიფორნიის საბანკო ძარცვა

მოპარული: 30 მილიონი დოლარი

1972 წელს პროფესიონალმა კრიმინალმა ოჰაიოდან, ამილ დინსიომ შეკრიბა 6 მძარცველისგან შემდგარი ჯგუფი და ისინი კალიფორნიაში ერთ-ერთი ბანკის გასაძარცვად გაუშვა.

მძარცველებმა ერთ-ერთი ქალაქში სახლი იქირავეს და ბანკის ძარცვის გეგმა დაისახეს.

იდეა განხორციელდა, მათ ბანკიდან 30 მილიონი დოლარის ფული და ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

ძარცვის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდნენ, რათა ყველანაირი კვალი წაეშალათ და გაიქცნენ კიდეც. მაგრამ მათმა ხელგაშლილობამ ტაქსის მძღოლის მიმართ, რომელსაც გარკვეული რაოდენობის თანხა აჩუქეს პოლიციას მიანიშნა მძარცველების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ.

საბოლოოდ მძარცველები ნაქირავებ სახლში ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე დარჩენილი თითის ანაბეჭდებითა და ტაქსის მძღოლის საშუალებით იპოვეს.

⚫ ბრიტანული ბანკის ძარცვა

მოპარული 44,5 მილიონი

1976 წელს, როდესაც ლიბანის სამოქალაქო ომი იყო, მძარცველებმა გადაწყვიტეს, რომ დიდი თანხა „გადაერიცხათ საკუთარ ანგარიშზე“.

„ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ყაჩაღობა“, სწორედ ასეა ეს ძარცვა მოხსენიებული უცხოურ მედიაში.

სწორედ ამ „თავხედური ძარცვის“ დროს მძარცველებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოიყენეს კათოლიკური ეკლესიის კედელში შეღწევისთვის და ამის დახმარებით ბრიტანულ ბანკში შეჭრისთვის.

მათ 44,5 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით, აქციებით, ოქროს ზოდებით , ძვირფასეულობებით და სხვა ძვირფასეულობით გამოიტანეს.

„თავხედი მძარცველებიდან“ არავინ დაუკავებიათ და არც წაღებული ფული ან ძვირფასეულობა უპოვიათ.

⚫ ჩრდილოეთ ბანკის ძარცვა

მოპარული 41 მილიონი დოლარი

2004 წელს შობამდე ერთი კვირით ადრე, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში მძარცველებმა პოლიციის ფორმები ჩაიცვეს და ბანკის 2 მენეჯერის სახლებში შევიდნენ.

მათი ოჯახი მძევლად აიყვანეს, მენეჯერებს კი დაავალეს, რომ მეორე დღეს ჩვეულ რეჟიმში წასულიყვნენ სამსახურში.

როდესაც სამუშაო დღე დასრულდა, მენეჯერებმა მძარცველები შეუშვეს ბანკში, სადაც მათ მოიპარეს დაახლოებით 26,5 მილიონი ბრიტანული ფუნტი და დამატებითი უცხოური ვალუტები.

საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული, ფულის გათეთრების ბრალდებით.

ეს ირლანდიის ისტორიაში ყველაზე დიდი ბანკის ძარცვად მიიჩნევა.

⚫ Banco Central-ის ძარცვა

მოპარული 71,6 მილიონი დოლარი

2005 წლის Banco Central-ის ქურდობა ბრაზილიაში, ერთ დროს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა აღიარა, როგორც ბანკის უდიდესი ძარცვა.

25 კაციანმა ჯგუფმა შექმნა ყალბი გამწვანების ბიზნესი, რათა ბანკის სარდაფის იატაკამდე გვირაბი გაეყვანათ.

მათ სამი თვე დახარჯეს 256-ფუტიანი გვირაბის გასაყვანად.

ბანკის სარდაფში მოხვედრისთანავე მათ მოიპარეს რამდენიმე კონტეინერი, რომელშიც 160 მილიონი ბრაზილიური რეალი იყო.

ძარცვის შედეგად მხოლოდ 8 ადამიანი დააკავეს და 20 მილიონი ამოიღეს.

⚫ ნაიტსბრიჯის უსაფრთხოების ანაბრის ძარცვა

მოპარული 97 მილიონი დოლარი

ვალერიო ვიჩეიმ, რომელიც 50-ზე მეტი შეიარაღებული ყაჩაღობის გამო იძებნებოდა იტალიაში, „თითქმის სრულყოფილი“ დანაშაული ჩაიდინა ლონდონში 1987 წელს.

ის და მისი ასისტენტი შევიდნენ ბანკში და მოითხოვეს სეიფის დაქირავება. როდესაც მამაკაცებს სარდაფი აჩვენეს, მათ იარაღი გამოიყენეს და ბანკის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

ბანკის კარზე დაადეს წარწერა „დაკეტილია“ და მას შემდეგ შენობაში მეგობრები შეიყვანეს. შემდეგ კი მილიონობით ნაღდი ფულით და ძვირფასი ნივთებით გაემგზავრნენ .

ვიჩეი სამხრეთ ამერიკაში გაიქცა, მაგრამ საბოლოოდ დააპატიმრეს.

⚫ ერაყის ცენტრალური ბანკის ძარცვა

მოპარული 920 მილიონ დოლარზე მეტი

ბაღდადის ძარცვა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბანკის ქურდობა გახდა.

ორგანიზატორი ერაყელი დიქტატორი სადამ ჰუსეინი იყო.

2003 წელს ერაყის ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მან გაგზავნა სამი დიდი სატვირთო მანქანა ცენტრალურ ბანკში.

მან ასევე გაგზავნა თავისი შვილი კუსაი წერილით, რომელშიც ითხოვდა თითქმის 1 მილიარდი დოლარის ამოღებას, რათა იგი მტრის ხელში არ დაეტოვებინა. მათ ფული ფურგონებში ჩადეს და გაატარეს.

საბოლოოდ კი ფაქტის შედეგად 35 ადამიანი დააკავეს.

ასევე, არსებობს ვერსია, რომ როდესაც ამერიკელები ბაღდადს უტევდნენ მძარცველებმა დრო იხელთეს და 1 მილიარდის გატანა შეძლეს და ეს ყველაფერი სადამ ჰუსეინის ბრძანებით მოხდა.

⚫ ბანკის ძარცვა ბრაზილიაში

დაღუპულია 12 ადამიანი

ბრაზილიაში ბანკის მძარცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ორმხრივი სროლისას კი სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი პოლიციელი და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე.

შემთხვევა ქალაქ მილაგრესში მოხდა. თავდამსხმელები ბანკში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს კი მათ მძევლები დახოცეს.

მომხდარის შედეგად პოლიციამ 2 თავდამსხმელი დააკავა.

⚫ ბანკის ძარცვა ერევანში

მოპარული 200 ათასი დოლარი 

2017 წელს მძარცველმა ერევნის ცენტრში მდებარე „კონვერს ბანკის“ ფილიალიდან სხვადასხვა ვალუტით დაახლოებით 200 ათსი დოლარი გაიტანა.

მძარცველი პირდაპირ ფილიალის მმართველთან მივიდა და მას ბანკში იმ მომენტისთვის არსებული მთელი თანხის გადაცემა მოსთხოვა.

ბანკის თანამშრომლები მას დამორჩილდნენ, რადგან, თუ ფულს არ მისცემდნენ, ის თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

მძარცველის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, გამოძიების სხვა დეტალები კი ცნობილი არ არის.

როგორც ცნობილია, „კონვერს ბანკი“ ადრეც გახდა ყაჩაღური თავდასხმის მსხვერპლი. შვიდი წლის წინ მისი ერთ-ერთი ფილიალის დაცვის თანამშრომელმა მძარცველს ესროლა, დაჭრა და ფულის გატაცებას ხელი შეუშალა. მაშინ მძარცველი პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, ერევანში ბანკის დაყაჩაღების ერთ-ერთი მონაწილე საქართველოში დააკავეს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 ზუგდიდში ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანეს

👉 თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ვერტმფრენისკენ გაემართა (ვიდეო)

👉 შსს: ყველა მძევალი თავისუფალია