მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების შეწყვეტა, ელჩის დაბარება ბრიუსელში, სტიქია აჭარაში - 22 სექტემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ენკა“ „ნამახვანჰესს“ აღარ ააშენებს


კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. როგორ ირკვევა, ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად კომპანიამ პირობების შეუსრულებლობა და ფორსმაჟორი დაასახელა.

კომპანია „ენკაში“ კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო როგორც Pia.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, უწყება საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

⏩„ასი წელი წაგებიან მდგომარეობაში ყოფნას, ჯობია ახლა გაწყდეს ხელშეკრულება“ - მარიტა მუსელიანი „ნამახვანჰესზე“

⏩ ნამოხვანის ელექტოენერგია, როგორც თევზს წყალი, ისე სჭირდება ჩვენს ენერგოსისტემას - ენერგოექსპერტი

⏩ ეკონომიკის სამინისტრო „ენკასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს

დღის პერსონა

„ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“ - ჯანდაცვის მინისტრი


„ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და, ასევე, ბატონი ამირანის და თამარ გაბუნიას განცხადება ამის შესახებ იყო ჩემთან შეთანხმებული. ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ ამასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაციას იმის შესახებ, მონაწილეობდნენ თუ არა მისი გუნდის წევრები ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების განთავსებაში.

„არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები. ასევე, სატელევიზიო კომენტარიც გაქვთ მოსმენილი კომპანია „ალმასგან“, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დაკვეთა. რა თქმა უნდა, „ალმასგან“ უფრო გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ხდება ჩანაცვლება მათი მხრიდან და ეს არის უბრალოდ რეპუტაციული საკითხი, მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის მქონე ბანერებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ფრაზები

ეკატერინე ტიკარაძე:

„ფაიზერის გაფუჭების არანაირი რისკი არ არსებობს“

გია ხუხაშვილი:

„გახარია ბევრად უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა“

კარლ ჰარცელი:

„გუშინ საქართველოს ელჩი დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში“

ბიძინა კულუმბეგოვი:

„ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“

დღის კარგი ამბავი

ქართველმა სპეციალისტებმა ძეგლი „აბულმუგის“ აბანო უსაფრთხო ტერიტორიაზე დაუშლელად გადაიტანეს

21 სექტემბერს „საყდრისის კომიტეტმა“ რეაბილიტირებული „აბულმუგის“ სპარსული აბანო წარადგინა. პირველად, ქართველმა სპეციალისტებმა ძეგლი „აბულმუგის“ აბანო ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე დაუშლელად გადაიტანეს. განვითარებულ ქვეყნებში ძეგლის გადატანა მიღებული პრაქტიკაა, თუმცა საქართველოში ეს პირველად განხორციელდა.

პროექტი „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ინიციატივით განხორციელდა, სამუშაოები კერძო კომპანია „ბაგინეთი პლუსმა“ შეასრულა. აღნიშნულ პროექტი კი მთლიანად კომპანია „არემჯი გოლდმა“ დააფინანსა.

„აბულმუგის“ აბანო 1977 წელს არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, როდესაც ისტორიული დაბა აბულმუგის ტერიტორიაზე სახელმწიფო მუზეუმის არახლო-კაზრეთის ექსპედიცია მუშაობდა.

„აბულმუგის“ აბანო გვიანი შუა საუკუნეებისთვის (XVII – XVIII ს.ს.) დამახასიათებელ სპარსულ ნაგებობას წარმოადგენს, გათხრების დროს აბანოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსუდანის მონეტა, ასევე, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები (ინახება ეროვნულ მუზეუმში). ექსპედიციის მუშაობისას ძეგლზე წყალგაყვანილობის სისტემებიც დადასტურდა. აბანოს ახლოს შესწავლილი იყო თონე, რომელიც აბანოს დანგრევის შემდეგ ყოფილა გამართული.

პირველი გამაგრებითი საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლზე გასული საუკუნის 1970-იან წლებში ჩატარდა, თუმცა, 2018 წლისთვის აბანოს მდგომარეობა საგანგაშო იყო.

დღის ცუდი ამბავი

„გუშინ საქართველოს ელჩი დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში“ - კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე

„საქართველოს ელჩი გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში, რათა დაფიქსირებულიყო პოზიციები და ყოფილიყო შემდგომი მსჯელობა. თავს შევიკავებ დეტალებში ღრმად შესვლაზე. ვადევნებთ თვალს მოვლენებს და გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან“, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გავრცელებული ჩანაწერების საქმეს, რომელშიც დიპლომატების საუბრების შესახებ ფაილებიც არის.

მისი თქმით, ბრიუსელი ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება.

„თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არ არის ბუნებრივი, როცა ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიპლომატი განმარტავს, რომ დაუშვებელია ადამიანების პირადი ცხოვრების მიყურადება და თვალთვალი.

„მინდა მოსმენებთან დაკავშირებით მინდა უფრო ღრმად შევეხო საკითხს, როგორც შინაარსს, ასევე ზოგადად. უნდა გაგრძელდეს დისკუსია მოსმენებისა და მიყურადების მასშტაბზე. უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს იმ საფრთხეებზე, რაც ქვეყანას ემუქრება, მაგალითად ტერორიზმი და შპიონაჟი. ეს უნდა განხორციელდეს ძალიან ფრთხილად და ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს.

ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა. ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში, რადგან მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“, - აღნიშნა დიპლომატმა.

დღის უცხოური ამბავი

უკრაინაში ზელენსკის თანაშემწის მანქანა დაცხრილეს (ვიდეო)


კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველ თანაშემწეზე სერგეი შეფირზე თავდასხმა მოხდა. ბოროტმოქმედებმა მისი მანქანა დაცხრილეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

თავდასხმა კიევის ოლქის ლესნიკის დასახლებაში მოხდა. შეფირის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის დროს ზელენსკის თანაშემწის მძღოლი მძიმედ დაიჭრა და ის რეანიმაციაში იმყოფება. მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

თავდამსხმელებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს. შეფირის კოლეგები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელებს მიზანი შეეშალათ და ისინი ფიქრობდნენ, რომ საჭესთან სწორედ შეფირი იჯდა. სერგეი შეფირი ხშირად მანქანას თავად ატარებს.

ავტომობილს 17 ტყვია მოხვდა. ვლადიმერ ზელენსკის თანაშემწე სრულიად შემთხვევით არ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით.

ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოახერხეს. მათ დასაკავებლად პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უკვე განაცხადეს, რომ თავდასხმის უკან ოლიგარქიული კრიმინალური სტრუქტურები დგანან, რომელთათვის ზელენსკის მიერ გატარებული და დაგეგმილი რეფორმები მიუღებელია.

დღის ფოტო

ურეკში პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა

დღის ვიდეო

მადონა კოიძემ ბათუმში ორ ტონაზე მეტი გახრწნილი, მატლებიანი ხორცი აღმოაჩინა…