მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI-ის კვლევა, „დაკონსერვებული საქართველო“ - 25 იანვრის დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

NDI-ის (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 39% კორონავირუსის პანდემიის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ მათი მოლოდინით, „ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“.

33% ფიქრობს, რომ „ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ“, 22% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 6%-ს მიაჩნია, რომ კორონავირუსი „დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“.

ამავდროულად, კითხვაზე - „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, გამოკითხული მოსახლეობის 41% პასუხობს, რომ დიახ, ხოლო 41% პასუხობს - არას.

ამავე კითხვაზე 17% ამბობს, რომ არ იცის.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე.

⏩ NDI: გამოკითხული მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

⏩ 31% „ქართული ოცნება“, 5% - „ნაციონალური მოძრაობა“ - NDI-ის კვლევის შედეგები

⏩ NDI: გამოკითხული მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

დღის პერსონა

ბათუმში ოპოზიციონერი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარედგინა.

იგი ბრალდების წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, რადგან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ირაკლი ფანგანი აცხადებს, რომ მისი ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ფანგანის თქმით, საკუთარ საქციელს არ ნანობს.

დღის ფრაზები

გია ვოლსკი:

ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოს და ემიჯნება ამ უმსგავსობას, მეორე მხრივ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა რომელიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას არასდროს შეიცვლება.

მათი ხელწერა არ შეიცვლება, დღეს ნაგავი აქვთ ხელში იარაღად, ხვალ მათ ხელში უნდათ რომ ჰქონდეთ გაცილებით უფრო მძლავრი იარაღი ხელკეტი და სხვა ატრიბუტი.

გიორგი ვაშაძე:

NDI-ის კვლევა ნამდვილად ვერ იქნება ოპოზიციის სახელმძღვანელო იმის, ოპოზიციას ეთანხმება თუ არა ხალხი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. ზოგადად, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტი ნორმალურად მუშაობდეს, ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია.

ლევან იოსელიანი:

„ქართული ოცნება“ თუ არ შეუწყვეტს ოპოზიციას უფლებამოსილებას, ეს იქნება კარგი და კარგი იქნება იმიტომ, რომ შესაძლებლობა მიეცემათ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც NDI-ის კვლევაშია ასახული, ანუ გააგრძელონ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში.

დღის კარგი ამბავი

„იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც ქვეყანამ მიაღწია ასოცირების ხელმოწერიდან ექვს წელიწადში, ნამდვილად გვაქვს კარგი პერსპექტივა იმისთვის რომ ამბიცია გვქონდეს 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგების, ევროპელი პოლიტიკოსების ასევე, ევროპაში საზოგადოებრივი აზრის და განწყობების ჩამოყალიბება და ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

„განწყობები საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია. საქართველო ნამდვილად შეძლებს იმ მხარდაჭერის მოპოვებას, რაც ჩვენ გვესაჭიროება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღის ცუდი ამბავი

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონს დენის კაბელის დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ „ჩერნომორენერგოში“ აცნობეს.

სოხუმის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ავარია ქსელზე დიდი დატვირთვის გამო მოხდა, რასაც ოკუპირებულ რეგიონში კრიპტოვალუტების ფერმებს უკავშირებენ. უკანონო „მაინინგის“ წინააღმდეგ იქ მთელი კამპანიაა დაწყებული, თუმცა რეალური შედეგი ამ ღონისძიებებს არ მოუტანია.

ოკუპირებულ რეგიონში დენის მიწოდების საკითხს ისიც ართულებს, რომ ენგურჰესზე ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტროსადგური გაჩერებულია. მისი მუშაობის განახლება აპრილის ბოლოს იგეგმება.

დღის უცხოური ამბავი

კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

SpaceX-ის რაკეტა ფლორიდადან გავიდა.

ისინი გლობალურ სისტემა Starlink-ს შეუერთდებიან, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყველა კუთხის ინტერნეტით უზრუნველყოფაა.

ეს რიცხვი აჭარბებს წინა რეკორდს, რომელიც ინდოეთმა დაამყარა 2017 წელს 104 თანამგზავრი გაუშვა ერთი რაკეტით. ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისა, რომ კოსმოსურ საქმიანობაში მიმდინარე ძირითადი სტრუქტურული ცვლილებები ხდება.

დღის ფოტო

„დაკონსერვებული საქართველო“ - ახალგზრდა აქტივისტების აქცია-პერფორმანსი შეზღუდვების წინააღმდეგ.

დღის ვიდეო