მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ, გემი - ბიბლიოთეკის მშენებლობა  განმუხურის სანაპიროზე - 20 სექტემბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ძებნილებს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს – აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არის მტკიცებულებები, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს უკანონოდ იარაღი, დაიქირავეს ავტომობილი და გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, სახაზინო ადვოკატის, დალი ბარბაქაძის თქმით, მისთვის უცნობია ბრალდებულების ადგილსამყოფელი, ასევე უცნობია დატოვეს თუ არა მათ ქვეყანა.

პროკურორ გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რომ მათ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს.

„დანაშაულის ჩასადენად მათ ჯგუფურად შეიძინეს იარაღი და ვაზნები. ნინო ბერიძისგან იქირავეს „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი. ალეკო ჭელიძე გიორგი კავილაძესთან ერთად ჯგუფურად ატარებდა ამ იარაღს და ვაზნებს. 15 სექტემბერს 16:00 საათსა და 20 წუთზე გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიკოლოზ კვარაცხელია იყო პირად საქმეზე. კავილაძემ კვარაცხელიას მიმდებარედ გააჩერა მანქანა, ხოლო კავილაძე დარჩა საჭესთან. ალეკო ჭელიძე მივიდა კვარაცხელიას მანქანასთან და დაელოდა მას, როცა კვარაცხელია დაბრუნდა, ჭელიძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე ესროლა კვარაცხელიას.

ნიკოლოზ კვარაცხელია ეცადა გაქცევას მანქანის უკანა მხარეს, თუმცა ჭელიძე კვლავ გაეკიდა და ისევ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები. ალეკო ჭელიძე გაიქცა, ჩაჯდა კავილაძესთან ავტომობილში და მიიმალა.

ზუსტად ვიცით ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რაც აღკვეთის საფუძველია, პირველ რიგში, გარემოება, რომ ამ პირებმა ნამდვილად ჩაიდინეს ეს დანაშაული – მოწმეთა დაკითხვები, ამოღების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, ამოცნობის ოქმები ფოტოსურათით. კარგად ჩანს ბრალდებულების მიერ ჩადენილი ცივსისხლიანი ქმედება“, – განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

მკვლელობა სავარაუდოდ ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა

✅„ნიკა კვარაცხელიას მამას უნდა მიეცეს შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება“ - შალვა ნათელაშვილი

დღის პერსონა

„მატყუარა ხალხის მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებ, ვაგრძელებ მონასტერში ცხოვრებას“ - ანთინოგენე მდივანი

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ ეკლესიიდან განკვეთილი ანთინოგენე (მიხეილ) მდივანი აცხადებს, რომ სალხინოს მამათა მონასტრის დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, მეუფე სტეფანე არის მატყუარა და მის გადაწყვეტილებას არასდროს დაემორჩილება. განკვეთილი სასულიერო პირი ითხოვს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებზე მოხდეს სათანადო რეაგირება როგორც წმინდა სინოდის, ისე გამოძიების მიერ.

„მე ვარ არქიმანდრიტი ანთინოგენე და ეს ცრუ და მატყუარა კაცი როგორ წარგვადგენს, ჩემთვის საინტერესო აღარ არის. არანაირ მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებ, ცრუ და მატყუარა ხალხის არაფრის დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. მე ვაგრძელებ ცხოვრებას მონასტერში და ვის აქვს უფლება ცხოვრება დამინგრიოს?

შემირცხვენია ყველა ის პოლიციელი, რომელიც ამ ცრუ კაცს მოუსმენს და მთავრობის ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც მას გვერდში დაუდგება. შემირცხვენია ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ისმენს ჩანაწერებიდან.

თუ ეს მართალი არ არის, მაშინ გამოიძიონ, ადამიანების ასეთი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? ჩანაწერებში სახელებითა და გვარებით, პირადი ნომრებით არის წარმოდგენილი მათი საყვარლები. არ რცხვენიათ ამ უნამუსოებს? ამ ფაქტებს ხომ ვერ გავექცევით, ეს ფაქტები ხომ არსებობს?“, - აღნიშნა ანთინოგენე მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა.

მეუფე სტეფანე მოითხოვს, რომ ეკლესიიდან განკვეთილმა პირებმა მონასტერი დატოვონ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„მღვდლისთვის განკვეთა ხომ სიკვდილია, ასეთი საბჭოთა კავშირი ბავშვობაშიც არ მინახავს“ - მამა ანთინოგენე

📣ჩემთვის ის საცოდავი არსებაა, მატყუარა, ცრუ - მამა ანთინოგენე მეუფე სტეფანეზე

დღის ფრაზები

ნიკა მელია:

„ჭირსაც წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, ჩვენ გვაქვს შანსი, 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ,“

კახა კალაძე:

„შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“

თამარ გაბუნია:

„ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც ძალიან საგანგაშოა“

შალვა ნათელაშვილი:

„ნიკოლოზ კვარაცხელიას მამას უნდა მიეცეს შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება უპრობლემოდ. მშობელი მშობელია, იმის მიუხედავად რა ხედვები და პროფესია გააჩნია მას“

დღის კარგი ამბავი

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, სპორტული კომპლექსი აერთიანებს როგორც წყლის მიმართულებებს, ისე სპორტის სხვადასხვა სექციებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

დღის ცუდი ამბავი

კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებული ტყუპი გარდაიცვალა

ქუთაისის კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებული ტყუპი გარდაიცვალა, რომელთა 47 წლის დედა, ასევე, კორონავირუსმა საკეისრო კვეთის შემდეგ იმსხვერპლა. ჩვილების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს კლინიკაში დაუდასტურეს.

„ტყუპი, რომელიც 28 კვირის ორსულობაზე დაიბადა, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.

ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის.

ტყუპი ჩვილები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრესსინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის.

პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა“, - განაცხადა ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს, 47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

დღის უცხოური ამბავი

სროლა რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში - არის მსხვერპლი (ვიდეო)

რუსეთში, ქალაქ პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლა იყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო unian ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ ამ დროისთვის დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია რვა ადამიანი, ხოლო დაშავებულია ათეულობით პირი.

„ვადასტურებ ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტის შენობაში იყო სროლა. მე და ჩემი კოლეგები ვიყავით საკონფერენციო დარბაზში, ზოგიერთი თანამშრომელი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, სხვა თანამშრომლები კი თავიანთ ოფისებში. ნიღბიანი ბიჭი იყო, რომელიც ესროდა“, - აღნიშნა უნივერსიტეტის პრესსპიკერმა.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს თუ როგორ ხტებიან სტუდენტები უნივერსიტეტის შენობიდან. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებულია. უცნობია რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი.

დაჭრილია 19 ადამიანი. თავდამსხმელი 18 წლის სტუდენტია. ის ავტომატით იყო შეიარაღებული და სამხედრო ფორმა ეცვა. ის პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

თავდაპირველად თავდამსხმელმა სროლა უნივერსიტეტის კამპუსში დაიწყო, ხოლო შემდეგ მე-8 კორპუსთან მივიდა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ხტებიან სტუდენტები უნივერსიტეტის ფანჯრებიდან.

თავდამსხმელი დაკავების ოპერაციის დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. თავდასხმის მოტივები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ფოტო

გემი - ბიბლიოთეკის მშენებლობა განმუხურის სანაპიროზე

ეს განმუხურის სანაპიროა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, აქ ერთ წელიწადში გემი - ბიბლიოთეკა მოეწყობა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება.

„ბესიკ არახამიასა და ზუგდიდელ ბიბლიოთეკართა გუნდთან ერთად ჩვენც შევიტანთ მცირე წვლილს - თავდაპირველად გემბანი - სამკითხველო იგეგმება, რომელსაც კარცერ - ლუქს - კაიუტები მოჰყვება. ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც შესანიშნავი ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება.
ეს გემი ნაპირზე დგას, მაგრამ ყველაზე დიდ მანძილს გაივლის და ერთმანეთს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენ და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები - წიგნისა და განათლების“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

დღის ვიდეო

„აქეთ ნუ მიტევ, კაცო“ - ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდნენ