მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს, დათოვლილი ცხვრები ჯავახეთში, აფეთქება ვარკეთილში - 7 ოქტომბრის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

თბილისში, პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Pia.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.

ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ თბილისში, წყნეთში დააკავეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

მკვლელობა სავარაუდოდ ნიკა კვარაცხელიას მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობის შეკვეთა სხვა ქვეყნიდან მოხდა.

დღის პერსონა

კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, სკოლა არ იკეტება - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი მიდგომა შემუშავდა, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ სკოლაში კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის გამო სკოლა არ დაიკეტება.

გამყრელიძის განმარტებით, ის საკლასო ოთახი, სადაც ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა.

„თბილისში მხოლოდ ორი ბაღის დაკეტვაზე იყო საუბარი, მაგრამ სკოლები როგორც ასეთი არა. ახალი მიდგომაა მთლიანად სკოლა ერთი შემთხვევის გამო არ იკეტება. ეს არის დაავადებათა კონტროლის და განათლების სამინისტროს ერთობლივი რეკომენდაციები, რომელიც შემუშავებული გვაქვს. ამ დროს რა ხდება? იმ კლასში, სადაც დაფიქსირდა შემთხვევა, კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო მონაცემებით სკოლებში პედაგოგების და ადმინისტრაციული პერსონალის 52%-ია აცრილი.

„ბაღებში კი ეს ნაკლებია“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისში კორონავირუსის გამოვლენის გამო თბილისში 14 ბაღი დაიხურა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉რას ნიშნავს „ტვინდემია?

👉 „უახლოეს დღეებში საქართველო 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს“

👉 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ

👉 ეხმარება თუ არა ყნოსვის შეგრძნების დაბრუნებაში A ვიტამინი?

დღის ფრაზები

გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და ენმ-ს:

„გთავაზობთ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს“

ივანე ჩხაიძე:

„ქვეყანაში ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება“

ამირან გამყრელიძე:

„კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, სკოლა არ იკეტება“

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი:

„სააკაშვილმა მთხოვა პატრიარქს გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ“

ამირან გამყრელიძე:

„ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა“

უკრაინელი ექსპერტი:

„საქართველომ სააკაშვილის ექსტრადირების სანაცვლოდ შეიძლება, მისი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვოს“

თამარ გაბუნია 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტზე:

„ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროცედურას, რაც ზოგადად მსგავსი შემთხვევების დროს ხდება, რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში და შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს“

დღის ცუდი ამბავი

თიანეთში მამამ შვილი დანით მოკლა - დაკავებულია 81 წლის კაცი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისათვის, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის კარგი ამბავი

ნათია თურნავა: თბილისი-ყარსის რკინიგზაზე 56,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მიმართულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ზრდაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რკინიგზა ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს - 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ამ სარკინიგზო ხაზზე 56,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჩვენ შევძლებთ უკეთესად ვისარგებლოთ ამ ხაზით, როდესაც ის სრულად ამოქმედდება,“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ტრანსკასპიურ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პროექტში მონაწილე ქვეყნები შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა პროექტი მალე დასრულდეს და შესაბამისად, მისი გამტარუნარიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ასევე შევთანხმდით პროცედურების გამარტივებაზე, რაც ხელს შეუწყობს ამ მაგისტრალზე ტვირთების ინტენსიფიკაციას და მარტივ მოძრაობას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტერიალზე აღინიშნა, რომ ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რაც ხელს უწყობს სატრანზიტო სატვირთო გადაზიდვებს აზიასა და ევროპას შორის. გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმასაც, რომ პროექტში მონაწილე სამივე ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს აღნიშნული სარკინიგზო ხაზის განზრახულ სიმძლავრეებზე გასასვლელად.

მინისტერიალზე, ნათია თურნავამ თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ ოქმს ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის შესახებ.

დღის უცხოური ამბავი

საქართველო ზღვაა, შავი ზღვა კი - ხმელეთი, კადიროვის ინაუგურაციაზე უცნაური რუკა გამოჩნდა

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ინაუგურაციაზე, რომელიც გროზნოში, ოფიციალური მიღების სასახლეში გაიმართა, მსოფლიოს ძალზე უცნაური რუკა გამოჩნდა, სადაც ბევრი შეცდომა დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, რუკაზე საქართველო ზღვად არის ნაჩვენები, შავი ზღვა კი - ხმელეთად. ხმელეთად არის ნაჩვენები კასპიის ზღვაც. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

რუკის მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს (ზღვის) შემადგენლობაში შედის. ასევე, რუკიდან გაქრა უნგრეთი. რუსეთი ამ რუკაზე მწვანე ფერად იყო ნაჩვენები და სახალინის კუნძული იაპონიის ტერიტორიად არის მითითებული.

უკრაინის ტერიტორიაც არასწორად არის ნაჩვენები, მაგრამ რუკაზე აშკარად ჩანს, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაში შედის. სამაგიეროდ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი მწვანედ, ანუ რუსეთის ტერიტორიად არის აღნიშნული.

არც გროზნოში, არც კრემლში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გამართულ პრეზიდენტის არჩევნებში რამზან კადიროვმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 99,7% მიიღო. კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას 2004 წლიდან იკავებს.

დღის ფოტო

დათოვლილი ცხვრები ჯავახეთში დღეს

ფოტოს ავტორია 📸Hmayak Marozyan

დღის ვიდეო

ვარკეთილში აფეთქება მოხდა - არის დაშავებული (ვიდეო)

თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.