მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარტნიორების რეაქცია მოსამართლეთა დანიშვნაზე, კორონავირუსით დაღუპული ჩვილი, რადიკალების გამოკითხვები - 16 ივლისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი


„აშშ ღრმადაა შეწუხებული საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგა“, – ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება.

„ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმება ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, შეაჩეროს „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ უზენაეს სასამართლოში, ვიდრე არ იქნება მიღებული „ამბიციური მართლმსაჯულების რეფორმა“ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში.

ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებისა და ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო“- ენტონი ბლინკენი

⏩ „აშშ-ის მთავრობის განცხადებები ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული“ - კელი დეგნანი

⏩ „ქვეყანაში, რომელსაც ამერიკა სანქციებს ადებს, ინვესტიციას არავინ დებს, ინვესტიციის გარეშე კი არაფერი გვეშველება“ - ალეკო ელისაშვილი

დღის პერსონა

„რეგულაციების შემსუბუქება ვიჩქარეთ“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მხოლოდ მათრახი და შოლტი არ მუშაობს, რადგან მოქალაქეების პასუხისმგებლობაა საჭირო იმისთვის, რომ ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელება არ მოხდეს.

როგორც ვებინარზე გამყრელიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, მხოლოდ იმუნიზაციის პროცესი შეაჩერებს ინფიცირების მზარდ სტატისტიკას და პანდემიას.

„უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, მარტო მათრახი და შოლტი არ მუშაობს. მოვუწოდებ მშობლებს, რომ აიცრან რათა პატარებს არ მიუტანონ ვირუსი. სტუდენტებს და ლექტორებსაც მოვუწოდე. სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაღალი, რომ ერთმანეთს არ გადავდოთ ვირუსი. მხოლოდ აცრა შეაჩერებს პანდემიას ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგულაციების მოხსნა დაჩქარებული წესით მოხდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ რეგულაციების შემსუბუქება. სამედიცინო მხარე უფრო მკაცრები ვართ, ვიდრე ეკონომიკური. გვესმის, რომ ეს ეკონომიკურად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. შეზღუდვების მოხსნას მთელი რიგი მიმართულებით იყო დაჩქარებული“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ აიცრან იმ ვაქცინებით, რომელიც ქვეყანაშია შემოტანილი.

დღის ფრაზები

დევი ტაბიძე:

„დაიცავით თქვენი პატარები, მხოლოდ მათი სადღეგრძელოების დალევა არ გიშველით“

შალვა პაპუაშვილი:

ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი“.

სანდრო ბრეგაძე:

„სად წავიდა ლევან ვასაძე ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება“.

ვარლამ გოლეთიანი:

„მედიის მისამართით საზოგადოებაში არსებობს აგრესია“ .

გურამ ფალავანდიშვილი:

„ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას“.

დღის კარგი ამბავი

11 ახალი მიმართულება - საქართველოს საავიაციო ბაზარს ახალი ავიარეისები ემატება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე საჰაერო მიმართულებების და ფრენის სიხშირეების ზრდა გრძელდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები განაგრძობენ ახალი მიმართულებების დამატებას და არსებულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაგადამყვანების მიერ წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგში შემდეგი ცვლილებებია...

დღის ცუდი ამბავი

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა


ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 22 დღის ჩვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ის კლინიკაში დაუდასტურეს.

ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. გარდაცვლილი ჩვილი ალფა, იგივე ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.

კლინიკაში ამ დრომდე რჩება ორი კოვიდინფიცირებული ჩვილი. მათი მდგომარეობაც მძიმეა. ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დღის უცხოური ამბავი

გერმანიასა და ბელგიაში დაკარგულთა რაოდენობა 1300-ს გადასცდა

გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 1300-ს გადასცდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში ქაოსია და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

სამაშველო ოპერაციას ინტერნეტის და სატელეფონო კავშირის გათიშვა ართულებს. ოპერაციაში შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ზოგიერთი სოფელი ნანგრევებადაა ქცეული. წყალმა ძველი აგურებიანი სახლებიც კი დაანგრია.

დღის ფოტო

სეირნობა მდინარეზე კოლხეთის ეროვნულ პარკში

დღის ვიდეო

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში მელია ცხოვრობს