მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქის მიმართვა პრემიერს, გაუფასურებული ლარი და გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება - 3 აგვისტოს დღიური

PIA.GE-ს დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი
პატრიარქი პრემიერს ანჩისხატის ხელოვნების მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანების თხოვნით მიმართავს

პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ვიცე-პრემიერს თეა წულუკიანს წერილით მიმართავს.

„ბატონო ირაკლი, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო:

მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად - „პირი ღვთისად“ წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ჰყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად. ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს აღვნიშნავთ ამ ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს და თქვენ მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.

დღის პერსონა
„გარე სივრცეებში თუ ხუთ ადამიანზე მეტი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომ დახურულ შენობებში განსაკუთრებით გამკაცრდეს პირბადის ტარების აღსრულება.

„განსაკუთრებით გამკაცრდება პირბადის ტარების აღსრულება დახურულ სივრცეებში. ასევე, დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში, ამავე დროს, თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. დღეს საუბარია, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება. მიეცა ეს დავალებები შესაბამის ორგანოებს. აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების ადგილებს შეეხება, იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“

👉 „შესაძლოა, ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს“

👉 „დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება გათვალისწინებული არ არის“

👉„ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვების მომხრე ვართ“

👉 აცრილი ადამიანების 50 კაციანი ქორწილი - NCDC-ის რეკომენდაცია

დღის ფრაზები

ზურაბ ჯაფარიძე:

„ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში“.

სვიმონ ჯანგულაშვილი:

„ქალბატონი დეგნანის ულტიმატუმები თავისებური ნიღბის ჩამოხსნაა, რაც გვაჩვენებს, თუ რატომ ვართ სუსტი და შეუმდგარი სახელმწიფო“.

ირაკლი ღარიბაშვილი:

„ქართველებისთვის ერთობა ყოველთვის გამოწვევა იყო“.

გიორგი გახარია:

„ომით კი არა, შრომით უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ვანგრევდით ჩხუბით, გინებით და ერთმანეთთან დაპირისპირებით“.

ირმა ინაშვილი:

„დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ჩავალ რუსეთში რათა ჩემი ქვეყნის ინტერესი დავიცვა“.

ბიძინა კულუმბეგოვი:

„შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“ .

ამირან გამყრელიძე:

„შესაძლოა, ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს“.

„გარე სივრცეებში თუ ხუთ ადამიანზე მეტი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება“.

პაატა იმნაძე:

„ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვების მომხრე ვართ“.

ზაზა წერეთელი:

„ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მაშინ, როცა ქვეყანა ტურისტული სეზონით ტკბება“

დღის კარგი ამბავი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარებენ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო.

„თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იმუნიზაციის პროცესს. ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთია იარაღია მსოფლიოში. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად გაეცნო.

დღის ცუდი ამბავი
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.06 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6919 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6906 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3729 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3247 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 აგვისტოდან შევა ძალაში.

დღის უცხოური ამბავი
„ყირიმი რუსეთის ტერიტორია არასოდეს იქნება“ - ზელენსკი

„ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორია არასოდეს გახდება და მისი დაბრუნება დროის საკითხია“, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„შენ გიყვარს ეს ქვეყანა ან არ გიყვარს. თუ გიყვარს უკრაინელი ხარ, თუ არ გიყვარს ან სტუმარი ხარ ან მოგზაური. ეს ის ხალხი, რომლებმაც მოახდინეს ყირიმის ოკუპაცია, მათ არასოდეს ეყვარებათ ყირიმი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ მას კარგად ვიცნობთ.

ეს არ არის რუსეთის მიწა, რუსეთის ტერიტორია. ყირიმი არასოდეს გახდება რუსეთის ტერიტორია, მისი დაბრუნება დროის საკითხია. თქვენ დაბრუნდებით თქვენს მიწაზე, თქვენს სახლში და ეს მალე მოხდება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ფოტო

„ვაშლოვანის ძაბრები“.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები📸გიორგი ლათიბაშვილი

დღის ვიდეო

ლაშა ტალახაძე ხვალინდელი ოქროს შემდეგ.