მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ბრიუსელის ფორუმზე, ვაქცინაცია ტურიზმის სფეროში, ნინოწმინდის პანსიონის ახალი დირექტორი - 14 ივნისის დღიური

დღიური

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

დღის მთავარი ამბავი

„ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი.

▶️ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე

▶️ „ტრამპმა ნატო-ში ბევრი ავეჯი გადააადგილა და გადაყარა კიდეც, ახლა საჭიროა ამ ავეჯის დაბრუნება“ - ზაქარეიშვილი ნატო-ს სამიტზე

▶️დავით ზალკალიანი: ჩვენი საბოლოო მიზანი ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციაა

დღის პერსონა

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მეუფე იაკობმა განუცხადა.

„მოხდა ის, რომ მეუფე თავის ეპარქიაში დაბრუნდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე. ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რომელიც განსახორციელებელია, მაგრამ გარკვეული მოვლენების გამო, რომელიც განვითარდა, მეუფეს არ დასცალდა ამის გაკეთება “, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, მეუფე იაკობის პანსიონის დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა, რომელიც სახალხო დამცველსა და მისი აპარატის წარმომადგენლებს პანსიონში მონიტორინგის მიზნით შესვლას უკრძალავდა.

დღის ფრაზა

გიორგი გახარია:

„თუ ჰგონიათ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ“.

კელი დეგნანი ზაზა გახელაძეზე

„ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში“.

იენს სტოლტენბერგი:

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“.

დღის კარგი ამბავი

ქვეყნის 2 დიდ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში ექიმების, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში, თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ „სინოვაკის“ ვაქცინა (როგორც COVID 19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები) 85-100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

მათი თქმით, „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს

უწყების ცნობით, 14 ივნისის მონაცემებით, „სინოვაკით“ 25 857 ადამიანი აცრილი.

დღის ცუდი ამბავი

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთაგან კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. ინფორმაცია PIA.GE-ს „ნიუჰოსპიტალსში“ დაუდასტურეს.

მამაკაცი პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ამ დრომდე კლინიკაში 2 დაშავებული რჩება.

ავარიას ჯამში 3 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 12 ივნისს მოხდა. „ნიუჰოსპიტალსის“ ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და მსუბუქი ავტომანქანები მოიყოლა.

დღის უცხოური ამბავი

Novavax Inc-მა აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინა, რომ მისი ვაქცინა COVID 19-ის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ Reuters იუწყება.

საერთო ჯამში კვლევები 30 ათას მოხალისეზე ჩატარდა. კომპანიამ უკვე შეიტანა ოფიციალური განაცხადი, რათა აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში შესაბამისი რეგისტრაცია გაიაროს. ეს, სავარაუდოდ, 2021 წლის მესამე კვარტალში მოხდება.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული შტამების მიმართ ეფექტიანია. ვაქცინა ტრადიციული მეთოდით, ცილის ბაზაზეა დამზადებული, მასში „გაწმენდილი“ ვირუსი შედის, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს.

Novavax Inc საწყის ეტაპზე თვეში ვაქცინის 100 მლნ დოზის წარმოებას გეგმავს, ხოლო მეოთხე კვარტალში წარმოებული ვაქცინის რაოდენობა თვეში 150 მლნ დოზამდე გაიზრდება.

ასევე Novavax ინდოეთის შრატის ინსტიტუტთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რაც ინდოეთში ამ ვაქცინის წარმოებას ითვალისწინებს.

დღის ფოტო

წეროვანთა, ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

დღის ვიდეო

ინდოეთში პარკინგზე მყოფი მანქანა მიწამ ჩაყლაპა.